ახალი ამბები

ქართულ–რუსული კონფერენცია თბილისში ხელისუფლების და ექსპერტების მონაწილეობით

3 მარტი, 2014 • • 2837
ქართულ–რუსული კონფერენცია თბილისში ხელისუფლების და ექსპერტების მონაწილეობით

რია ნოვოსტის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, გორჩაკოვის ფონდი და რუსეთის ფედერაციის საბჭო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით.

 

შეხვედრა, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულია, დღეს, 3 მარტს, 10 საათზე დაიწყო და ხვალ დასრულდება.

 

შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე,  მისი მრჩეველი გიორგი ქაჯაია, ასევე, ზაზა აბაშიძე, რომელიც შეხვედრის ერთ–ერთი ორგანიზატორის, რუსულ–ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია და ამავდროულად საქართველო საპატრიარქოს საენციკლოპედიო ცენტრსაც ხელმძღვანელობს, ბეჟან ხურციძე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე, ივლიანე ხაინდრავა, სერგი კაპანაძე საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე, სოსო ცისკარიშვილი, თენგიზ ფხალაძე, რევაზ გაჩეჩილაძე პროფესორი.

 

“ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრებზე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება”, – ამბობს სერგი კაპანაძე.

 

“ეს არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც იძლევა საშუალებას, ექსპერტული თანამეგობრობის საზოგადოების, ანალიტიკოსების, აზრები იყოს გაზიარებული იმაზე, თუ რა ხდება საქართველ– რუსეთის ურთიერთობებში, მათ შორის უკრაინაში. რომ გითხრათ, რაიმე ახალი გვესმის ამ შეხვედრაზე, არა. იგივე აზრების გამეორებაა, რაც ოფიციალური წყაროების მიერ არის გაჟღერებული. მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა იმდენად, რამდენადაც ამ ხალხმა, ვინც ამჟამად საქართველოში იმყოფება, იცოდნენ, რომ საქართველოში არის ძალიან სოლიდური, წითელი ხაზი ბევრ თემასთან დაკავშირებით. და რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ასე შემდეგ, ამ საკითხებზე საზოგადოებაში არის სრული კონსესუსი… რომ არა მხოლოდ ხელისუფლება ან ოპოზიცია ფიქრობს ასე, არამედ სრული საზოგადოება”, – დასძენს იგი.

 

ხოლო კითხვას იმის შესახებ, რომ კონფერენციას ხელისუფლების წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც ესწრება, ასე პასუხობს:

 

“ეს არ არის რაიმე ტიპის ოფოციალური შეხვედრა, მიმდინარეობს არაფორმალურ გარემოში და ეს არ უსვამს ხაზს, რომ მთავრობა ზედმეტად ჩართულია ამ შეხვედრაში”.

 

რუსული მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობენ ექსპერტები და პოლიტოლოგები, მათ შორის, ფეოდორ ლუკიანოვი, გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ ტრაჩევსკი.

 

შეხვედრაზე ასევე მიწვეულები არიან ლადო პაპვა და პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი, თუმცა ისინი სასტუმრო ციტადინში ამ დრომდე არ მისულან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი