ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

19 თებერვალი, 2014 • • 1033
გია გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

გია გაჩეჩილაძის თქმით, პარტიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ:

 

“მწვანეთა პარტიამ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ ის დატოვებს უმრავლესობას, დეკემბრის ბოლოსთვის, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, ჩვენ ეს სიტყვა შევასრულეთ, თუმცა ცოტა მოგვიანებით, იმიტომ, რომ მწვანეების პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ერთი თვით გაგვეხანგრძლივებინა ეს პროცესი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ უმრავლესობას. ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელ მოქმედებას ყველა არენაზე.”

 

მისივე თქმით, უმრავლესობაში “მწვანეებს” არაფრად აგდებენ:


“ეს არის ურთიერთდამოკიდებულება უმრავლესობის შიგნით “მწვანეთა პარტიის” მიმართ, მოგეხსენებათ, ჩვენ არავითარი ფუნქცია არ გაგვაჩნია უმრავლესობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ საქართველოში, ვართ პროფესიონალები, პრინციპულები და არასოდეს გვიღალატია ჩვენი იდეოლოგიისათვის. როგორც ჩანს, ეს ვიღაცებისთვის მისაღები არ არის.”

 

პარლამენტმა ივნისში  “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს ეხება. 


დაფინანსების გარეშე რჩება “მწვანეთა პარტია” და “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”, რომელთა ლიდერები პიროვნულად არიან საპარლამენტო უმრავლესობის, კოალიციის წევრები. 

 

“მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება არ დაუმალავს და განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციის სხდომას არ დაესწრებოდა.  რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას, მისი თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია “ქართულ ოცნებას” სათავეში იდგა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, თუმცა უკვე დღეს აცხადებს, რომ დაფინანსება არაფერ შუაშია:


“დაფინანსება აქ არაფერ შუაში არ არის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მწვანეთა პარტია განაცხადებს თავის პრესკონფერენციაზე იმ მიზნებსა და მოქმედების ტაქტიკაზე, რომელიც მას მომავალში ექნება. “

მასალების გადაბეჭდვის წესი