რის უარყოფას ითხოვს ქალებისგან დევდარიანი

“სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია” – ეს ერთ-ერთი ციტატაა ზვიად დევდარიანის სარჩელიდან, რომლის გამოქვეყნებასაც დევდარიანი მოპასუხე მხარეს სთხოვს მის მიმართ, თავისივე შეფასებით, ცილისმწამებლური განცხადებების უარსაყოფად.

ზვიად დევდარიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მიიჩნევს, რომ ამ და სხვა განცხადებებით შეილახა მისი პატივი და ღირსება და მოპასუხეებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

“ნეტგაზეთი” მოპასუხე მხარეთაგან ორს, ნინო დანელიასა და თამარ კაკაბაძეს ესაუბრა. მხარეები აცხადებენ, რომ ორივე მათგანის შემთხვევაში, ზვიად დევდარიანი მათგან ითხოვს მის შესახებ ფეისბუკზე გავრცელებული განცხადებების უარყოფას.

კერძოდ, როგორც თამარ კაკაბაძის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, სარჩელში კაკაბაძის სამი ციტატაა მოყვანილი:

  1. “ზუსტად მაგას ვამბობ ორი დღეა. დისკომფორტი ყველგან და ყოველთვის, როგორც მოძალადეს, ისე მის მხარდამჭერს”;
  2. “სხვების შეცდომა ვერ გადაფარავს დანაშაულს და ეს დევდარიანის სასარგებლო არგუმენტად ვერ გამოდგება”;
  3. “ეს მაინც ამტკიცებს, რომ ყ*ეა და ესაა მისი პრინციპული პოზიცია” .

დევდარიანი მოითხოვს, დაევალოს თამარ კაკაბაძეს ზვიად დევდარიანის მიმართ ცილისწამების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმით, რა საშუალებითაც მოხდა ცილისმწამებლური ცნობის გამოქვეყნება. კერძოდ, პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ცილისმწამებლური ცნობის გამოქვეყნება მოხდეს შემდეგი ფორმით:

  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ამტკიცებს, რომ არის ყ*ე და ეს არის მისი პრინციპული პოზიცია”.

მსგავსი შინაარსის განცხადებაზე ედავება ზვიად დევდარიანი ნინო დანელიასაც. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაევალოს ცილისწამების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმით, რა საშუალებითაც მოხდა ცილისმწამებლური ცნობის გამოქვეყნება. კერძოდ, პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ცილისმწამებლური ცნობის გამოქვეყნება მოხდეს შემდეგი ფორმით:

  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია”; “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არი ჩლუნგი და გარყვნილი კაცი”.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ყველა ნაწილში, რაშიც მოსარჩელე მხარე თამარ კაკაბაძეს ედავება, სახეზეა მოპასუხის მიერ აზრის გამოხატვა.

იურისტის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, აზრის დეფინიცია განმარტებულია და  ის არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი. აგრეთვე, ნებისმიერი სახის ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

ამავდროულად, აზრის გამოხატვა დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით:

“მოსარჩელე სასამართლოსგან მოითხოვს, მოპასუხეს სწორედ საკუთარი აზრის უარყოფა დაევალოს, რაც ცალსახად უკანონო მოთხოვნაა. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახეზეა არა აზრის გამოხატვა, არამედ ცილისწამება, რომელიც შესაძლოა მსგავსი სარჩელის წარდგენის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდეს, მაშინ ის უნდა მიუთითებდეს და ადასტურებდეს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. რა თქმა უნდა, მსგავსი მტკიცება სარჩელში წარმოდგენილი საერთოდ არ არის”, – ამბობს მშვენიერაძე.

იურისტის თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ე.წ. ამერიკული მოდელია და ამ მიმართულებით არცთუ ვრცელი, მაგრამ საინტერესო სასამართლო პრაქტიკა არსებობს:

“კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ამბობს, რომ როცა შეფასებაა გაკეთებული, ანუ აზრია გამოხატული, ის დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი შეზღუდვა არ შეიძლება. არ შეიძლება ადამიანს დაავალო საკუთარი აზრის უარყოფა. ჩვენი მარწმუნებელი თვლის, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებზეც მოსარჩელე მხარე ედავება, არის მისი შეფასებები და, შესაბამისად, გამორიცხულია, სასამართლომ მას აზრის უარყოფა დაავალოს” – ამბობს მშვენიერაძე.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტის თქმით, კანონი ცილისწამების დეფინიციასაც განსაზღვრავს. კერძოდ, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება:

“ცილისწამება რომ იყოს სახეზე, აუცილებელია, მცდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდეს პირი და, ამავდროულად, ეს ფაქტი იყოს პირისთვის ზიანის მიმყენებელი და მისი სახელის გამტეხი. ამავდროულად, თუ საჯარო პირი (და ამ შემთხვევაში მოსარჩელე საჯარო პირია) დავობს მის მიმართ ცილისწამების შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ის ვალდებულია სასამართლში დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჯამში, დევდარიანი 11 ქალს უჩივის, რომელთა შორის არიან თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე და ეკატერინე ონიანი.

ზვიად დევდარიანი მოპასუხეებისგან გავრცელებული განცხადებების უარყოფას შემდეგი ფორმულირებით ითხოვს:

თამარ ჩერგოლეიშვილისგან:

  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ქალებს ავიწროებს”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი პრესას ემალება თხუნელასავით”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი გრანტით მოპოვებულ ფულს ვინც მისცემს, იმას სთავაზობს”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ მოტყუებით”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ ძალადობდა”;
  • “სიცრუა, რომ ზვიად დევდარიანი არის სექსუალური მანიაკი”.

ბაია პატარაიასგან:

  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანს უმეტესობა იცნობდა, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ბოროტად იყენებდა საკუთრ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგოურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე”.

თამარ ყურაშვილისგან:

  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მოძალადე კაცი”.

იდა ბახტურიძისგან:

  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არიას მანიაკი”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ავიწროებდა ქალებს”.

ეკატერინე ონიანისგან:

  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ*ვნა კაცი”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ**ველა”;
  • “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი”.
“ნეტგაზეთი” ზვიად დევდარიანის ადვოკატს, დიმიტრი გაბუნიასაც დაუკავშირდა. როგორც გაბუნია ამბობს, ის ფაქტი, რომ მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, ბუნებრივია. იურისტის განცხადებით, საკუთარ არგუმენტებს, თუ როგორ შეილახა აღნიშნული განცხადებების გამო ზვიად დევდარიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია – მოსარჩელე მხარე სასამართლო დარბაზში გაახმიანებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.