მამუკა ბახტაძის თქმით, 20 000 ლარი, რომელიც ენმ-ს შესწირა, თავისი არ იყო

მამუკა ბახტაძის თქმით, საკუთრი თანხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს შეუწირავს. რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში ენმ-სთვის მისი სახელით შეწირულ 20 000 ლარს – ბახტაძე ამბობს, რომ მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული:

“თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რამდენად გადავრიცხე ჩემი თანხა ენმ-ის მხარდასაჭერად, მე ამაზე მაქვს მარტივი პასუხი – არა, მე ჩემი თანხა არასოდეს არ გადამირიცხავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”. თქვენ 2012 წელს- იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება “ქართულ ოცნებას” დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად – შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ.

აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით “ქართულ ოცნებაში” და 2012 წლის 1 ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან” – თქვა პრემიერობის კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებთან შეხვედრაზე.

ბახტაძის თქმით, მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ, რომლის კანდიდატურაც აქტიურად სახელდება პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე, 2012 წლის 2 აგვისტოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Ifact.ge-მ გაავრცელა.

რეესტრის მიხედვით, ამ პერიოდში ბახტაძე “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” დირექტორი იყო, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ინდუსტიული ჯგუფია”.  ინდუსტრიული ჯგუფი კორპორაციას იმ პერიოდშიც ფლობდა, როდესაც მამუკა ბახტაძე მისი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს.   ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012 წელს) თეთრიწყაროს მაჟორიტარი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ბეჟუაშვილი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

2013 წლის ნოემბერში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და  “უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტართა” ფრაქციას შეუერთდა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელიდირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში.), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი – ჯამბულ ჯაყელი.

მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე ბახტაძე იკავებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას.

მანამდე, 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე – სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. 2010-2012 წლებში კი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. 2007-2008 წლებში ბახტაძე სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2005-2006 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.