წულუკიანი: ენჯეოები მთხოვენ, ადამიანი მამაკაცის ორგანოებით გავატარო ქალად

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 10 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა გასატარებელ რეფორმაზე, რომელიც უკავშირდება ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის ჩანაწერის შეცვლას.

მინისტრმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “იმედს” მას შემდეგ, რაც ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

“მართლაც არის რამდენიმე რეფორმა, რომელიც მე არ გამიტარებია და რომელსაც რატომ არ გაატარეო, ისინი მსაყვედურობენ. მსაყვედურობენ, რომ ჩვენ არ ვაფიქსირებთ საბუთებში სქესს ისე, როგორც ისინი მოითხოვენ.

ეს არის ძალიან დიდი რეფორმა,  თუ გატარდება, მაგრამ მე ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა არ გამიტარებია.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად”, – განაცხადა წულუკიანმა.

მართალია, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები და უფლებების დამცველები დიდი ხანია ითხოვენ,  რომ საქართველომ მისცეს ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის უფლება, თუმცა არც 8 ივნისს, იუსტიციის სახლთან წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე და არც არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებაში ამ რეფორმაზე საუბარი არ ყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წულუკიანის გადადგომა 5 ივნისს მოითხოვეს, მანამდე კი 2 ივნისს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმისკენ მოუწოდეს. არც ერთ ამ განცხადებაში ტრანსგენდერი პირების სქესის ჩანაწერზე საუბარი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, წულუკიანმა მაინც ამ თემაზე გააკეთა აქცენტი.

წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების მოთხოვნას ძალაუფლებისთვის ბრძოლას უწოდებს ამბობს რომ “მათ საპრეზიდენტო სკამისთვის ომი გახსნეს”.

“არც ერთ ამ ორგანიზაციას და პოლიტიკოსს არ უნდა ბოლომდე გაიგოს და ჩახედოს ხორავას ტრაგედიას. მათ დაწყებული აქვთ მონაწილეობა ბრძოლაში, რომელსაც ქვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა. და რეალურად, ჩემთვის უკვე ნათელია პრეზიდენტის გამოსვლით, რომ საპრეზიდენტო სკამისთვის ომი მათ გახსნეს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ამ დიდ უბედურებას, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე, ბავშვთა შორის მკვლელობა,  საკუთარი მიზნებისთვის. თავიდან შეეცადნენ შეედარებინათ გირგვლიანისთვის, რაც არ გამოვიდა, იმიტომ რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ. ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ბავშვები”, – განაცხადა წულუკიანმა 10 ივნისს.

ამავე ტელეკომპანიის ეთერში წულუკიანმა კვლავ გააკეთა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მხარდასაჭერი განცხადებები და მას პარტნიორი უწოდა რეფორმებში:

“ხანდახან იყო შემთხვევები, როცა პრემიერი [ღარიბაშვილი] არ პარტნიორობდა ჩემთან რეფორმების საკითხში და ირაკლი შოთაძე იყო სწორედ კანონის უზენაესობის გზაზე ჩვენი, იუსტიციის სამინისტროს მთავარი პარტნიორი”.

წულუკიანმა ამის მაგალითად  ნარკოპოლიტიკის გაჰუმანურება დაასახელა, რასაც მისი თქმით ეწინააღმდეგებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 


ნახეთ რას ნიშნავს პირადობის მოწმობებში სქესის ჩანაწერის შეცვლა და როგორ იტანჯებიან ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო უარს ეუბნება დოკუმენტებში სქესის შეცვლაზე:

კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი