კოჯრის გზაზე მარჯანიშვილის თეატრის მინიქალაქი აშენდება

კოჯრის გზაზე მარჯანიშვილის თეატრისთვის ახალი მინიქალაქი აშენდება. მისი მშენებლობა სავარაუდოდ 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.

მინიქალაქი 6 000 კვადრატულ მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. პროექტის ღირებულება 5 500 000 ლარია. მარჯანიშვილის თეატრის მმართველის, ეკა მაზმიშვილის თქმით, მიწის ნაკვეთამდე ტრანსპორტით მისვლას თავისუფლების მოედნიდან  7 წუთი სჭირდება.

ეკა მაზმიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მინიქალაქი ხის შენობებისგან აშენდება. კომპლექსი დიდ დახურულ თეატრს, ღია თეატრს და მცირე თეატრს მოიცავს. ამ სივრცეში გამოყოფილი იქნება ადგილი თეატრთან დაახლოებული ან დასაახლოებელი პროფესიების განვითარებისათვის, როგორიც არის თეატრი და ახალი ტექნოლოგია.

მარჯანიშვილის თეატრის მინი ქალაქის პროექტი (წინასწარი)

ეკა მაზმიშვილის თქმით, ასეთ სივრცეებში ჩატარდება ექსპერიმენტები, იქნება შემოქმედებითი ლაბორატორიები, დიდი სარეპეტიციო სივრცე, რეზიდენციები უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიონალებისთვის, რომლებიც კოპროდუქციებში იქნებიან ჩართული.

“ეს იქნება ახალი ტიპის თეატრი. სპექტაკლის შემდეგაც იქნება დატვირთული. მუდმივ მოძრაობაში იქნება და შევეცდებით, რომ თანამედროვე მოთხოვნებს ავუწყოთ ფეხი”, – ამბობს ეკა მაზმიშვილი.

თეატრის მმართველის თქმით, მინიქალაქის იდეა ბევრ ფუქნციას მოიცავს, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია მარჯანიშვილის თეატრში მისი მასშტაბებიდან გამომდინარე.

თეატრალური მინიქალაქები უკვე დიდი ხანია გაკეთდა ბევრ ადგილას: ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთშია ძალიან ცნობილი ასეთი ქალაქები.

ეკა მაზმიშვილის თქმით, მარჯანიშვილის თეატრში ისედაც ჩართულია მაყურებელი თეატრალურ ცხოვრებაში. ახალი სივრცე კი მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდეს.

“გვინდა გავაკეთოთ ძალიან დიდი თეატრალიზებული ღონისძიებები, ღია სივრცე გვჭირდება”, – ამბობს ეკა მაზმიშვილი.

მაზმიშვილის თქმით, პროექტის ესკიზის შექმნაზე კონკურსი წელს გამოცხადდება. რაც შეეხება მარჯანიშვილის თეატრის შენობას, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას.

მარჯანიშვილის თეატრის მინი ქალაქის ესკიზი (წინასწარი)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com