ახალი ამბები

“ცენზურის კანონპროექტთან” დაკავშირებით უმრავლესობამ უკან დაიხია

29 მაისი, 2018 • 4533
“ცენზურის კანონპროექტთან” დაკავშირებით უმრავლესობამ უკან დაიხია

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, “ცენზურის კანონპროექტის” სახელით ცნობილ ინიციატივასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ერთ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილება და კულტურის შესახებ კანონი უცვლელი დარჩეს.

აქამდე დაგეგმილი იყო, რომ ცვლილებები უნდა შესულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და კულტურის შესახებ კანონში. შედეგად, სასამართლოს მიეცემოდა უფლება, აეკრძალა შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. სწორედ ამ ჩამონათვალს შეიცავს კულტურის შესახებ კანონი.

ეს კანონი არსებობს 1997 წლიდან, თუმცა არ არსებობდა მისი აღსრულების მექანიზმი. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ეს მექანიზმი ჩნდებოდა. დღეს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კულტურის შესახებ კანონს აღარ შეეხებიან და მხოლოდ  საპროცესო კოდექსში შევა ცვლილებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციურ ჩანაწერთან.  საბოლოოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–11 მუხლის პირველ ნაწილს დაემატება “ლ” ქვეპუნქტი, რაც  ამგვარად ჩამოყალიბდება:

1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:

ლ). შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საქმეებს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

“ცენზურის სახელით” ცნობილი კანონპროექი საზოგადოებრივი ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები ამბობდნენ, რომ ცენზურა წესდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს ინიციატივები ეწინააღმდეგებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავსუფლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 29 მაისს,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) იურისტი მარიამ ბეგაძე. იურისტი ამბობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან ეს ზუსტად ასახავს ამაღლებულ სტანდარტს, რომელიც კონსტიტუციაშია.

“ახალი პრობლემის წარმოქმნის წინაშე დღეს არ ვართ ნამდვილად. აქ საუბრია იმაზე, რომ კულტურის შესახებ კანონი და ის ნორმა, რაც აქამდეც არსებობდა, თავისი არსით პრობლემურია. ის ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონსა და კონსტიტუციას”.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძეც მიიჩნევს, რომ კულტურის კანონში არსებული ნორმა უნდა შეიცვალოს.

“ჩვენი პოზიცია იყო და დღემდე არის, რომ ეს ნორმა  ტექნიკურად გასწორებას საჭიროებს. თუკი პარლამენტი გადაწყვეტს, რომ დატოვოს ეს მუხლი, როგორც არის, ეს ნორმა ვერ იმოქმედებს იმიტომ, რომ უფრო ახალი კანონი გვაქვს მიღებული გამოხატვის თაავისუფლების შესახებ და მას აქვს უპირატესი ძალა. ცვლილება ამ მუხლს არ შეხება, მას არ გააცოცხლებს, თუმცა ჩვენ მაინც განვიხილავთ შესაძლებლობას თავად ამ ნორმის გასაჩივრებისა საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ის კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომელიც მომავალში ამოქმედდება, არ შეესაბამება”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი