ახალი ამბები

ტიციანის, ლეონარდოს, რაფაელის ნამუშევრებს ეროვნულ გალერეაში გამოფენენ

15 მაისი, 2018 • 5868
ტიციანის, ლეონარდოს, რაფაელის ნამუშევრებს ეროვნულ გალერეაში გამოფენენ

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულi მუზეუმი  ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრებს მასპინძლობს.

გამოფენა მოიცავს აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე – ოთხი ახალი გამოფენა მაისიდან ოქტომბრამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

გამოფენები:

  • „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.
  • „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018)  – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის დიდოსტატები- ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. გამოფენა იმართება კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.
  • “Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე. იs აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
  • „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09.2018 – 29.10.2018) გამოფენაზე წარმოდგენილი ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები დაცულია რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” განთავსებულ რომაული ბაროკოს მუზეუმში, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტის მქონეა იტალიური, განსაკუთრებით კი, რომაული ბაროკოს შესწავლის კუთხით.

“როგორც ნამდვილ მეგობრებს სჩვევიათ, ჩვენც გვინდა ქართველ ხალხს ჩვენი საუნჯე გავაცნოთ და გავუზიაროთ. “სლოგანი “Vivere all’italiana” (იტალიური ცხოვრების წესი) ნიშნავს, რომ იტალია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა – ეს სილამაზისგან, გემოვნებისა და კრეატიულობისგან შემდგარი ცხოვრების სტილია. ჩვენ ძალიან გგავართ ერთმანეთ.. საქართველოსაც ძველთაძველი ისტორია და უამრავი სამომავლო გეგმა აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს უდიდესი შედევრები, რომლებიც უნივერსალური ღირებულებების გამოხატულებაა, ბევრი ქართველი ახალგაზრდისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა”, – განმარტავს საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

“იტალიური ხელოვნება საქართველოში” იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.

მასალების გადაბეჭდვის წესი