“სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ!” – “ეროვნული ერთობა” იმუქრება

ნაციონალისტური მოძრაობა “ეროვნული ერთობა”, რომლის წევრებიც საკუთარ თავს “შავპერანგიანებს” უწოდებენ”, ძალადობრივი ქმედებებით იმქურება.

“სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ!” – აცხადებენ ისინი და ამბობენ, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ ქალაქში პატრულირებას, რათა თავად აღკვეთონ ის “უკანონობა”, რომელსაც პოლიცია ვერ ან არ აღკვეთს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა განმარტა, მან იგულისხმა, მაგალითად, 9 აპრილის მონუმენტზე აქტივისტის ცეკვის ფაქტი.

აღნიშნულ ადამიანთა ნაწილს სახე დაფარული აქვს და ამბობენ, რომ მზად არიან ძალადობრივი ქმედებებისთვის. მათ პარლამენტის წინ შეკრებილებთან მიახლოება სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. საბოლოოდ, მათ ლონდონის ბაღში გადაინაცვლეს და თქვეს, რომ აქედან გაემართებიან დედაქალაქის ქუჩებისკენ და მოსახლეობას გააცნობენ თავიანთ იდეოლოგიას.

პარალელურად, თბილისის ცენტრში აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია.

მოვლენათა ქრონოლოგია


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.