ახალი ამბები

კილაძე: “ქართული ოცნება” ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდია

10 აპრილი, 2018 • 4000
კილაძე: “ქართული ოცნება” ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ნინია კაკაბაძის არჩევა ოპოზიცის კვოტის გამო მოხდა და არა იმიტომ, რომ მათთვის მისაღები კანდიდატი იყო.

ამ საკითხზე სოფო კილაძემ თავის პირველი მოადგილის და უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა ჟურნალისტებს. გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის  არჩევა დაასახელა.

კილაძემ აღნიშნა, რომ მაგალითად, ოპოზიციის კვოტით არის დანიშნული პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობაზე სერგი კაპანაძე, ხოლო გიორგი ტუღუში – საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელსაც ხმა თავის დროზე გედევან ფიფხაძემაც მისცა.

“მე მგონია, რომ ნაციონალებზე მეტი ნინია კაკაბაძეს არ დაუშავებია სამშობლოს და ეკლესიის წინაშე. ანუ ნაციონალებმა გაცილებით მეტი გააფუჭეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეულმა რაოდენობამ მისცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას, ამიტომ ისინი არიან ოპოზიცია და აქვთ თავიანთი კვოტა”.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას  ამბობს, რომ ქართული ოცნება ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული გუნდია და ბიძინა ივანიშვილის ტრადიციას აგრძელებენ.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართული ოცნების მთელი გუნდი არის სწორედ ეროვნულ ფასეულობებზე, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი და ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ ქვეყანაში.

თუ ვინმე ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ამ გუნდის გარკვეული ნაწილი არ არის ეროვნული და არის ანტიეროვნული, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გავაგრძელებთ  საქმის კეთებას ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ,”- განაცხადა მან.

გედევან ფოფხაძემ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. მიზეზი, როგორც თვითონ აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევაა, რომელსაც ეს უკანასკნელი “პატრიარქის მაგინებელ ქალბატონად” მოიხსენიებს. ფოფხაძის თქმით, თანაგუნდელების გადაწყვეტილება მის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ნინია კაკაბაძის კანდიდატურა კენჭისყრისთვის პარლამენტს საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა, რომელშიც ევროპული საქართველოს წევრები შედიან, თუმცა კაკაბაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ხმებიც მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი