ვიდეო ▶ დიღომში შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ფეხბურთს თამაშობდა, რის შემდეგაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან.

შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა იძულებით დაატოვებინა შავკანიან ახალგაზრდებს ტერიტორია.

ლუკა შონიას კომენტარი, თითქოს შავკანიანი სტუდენტები სტადიონზე ბავშვს ჩაგრავდნენ, ხუმრობაა და სიმართლეს არ შეესაბამება

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

“არცერთი ქართველი, რომლებმაც შეურაცხყოფა მოგვაყენეს, არ დაუკავებიათ. პოლიციას ბოდიშის არცერთი ფორმა არ მოუთხოვია მათგან. არაფერი! რატომ? თუ ამ ისტორიას შევატრიალებთ, შავკანიანებს რომ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ქართველებისთვის, ექნებოდა პოლიციას ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება? ბოდიში გრძელი თხრობისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის შესაჩერებლად. 21-ე საუკუნეში? დაუჯერებელია. ეს უნდა შეწყდეს!” – აცხადებს ბენიტი, რომელიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტია.

კიდევ ერთი დაზარალებულის, ბენჟამენ თეიდის თქმით, მეგობრებთან ერთად სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც მათთან ქართველი კაცები მივიდნენ და მოედნის დატოვება მოსთხოვეს. ნიგერიის მოქალაქე ამბობს, რომ ქართველებს ფეხბურთის ერთად თამაში შესთავაზეს, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ და ახალგაზრდებს სტადიონი ძალით დაატოვებინეს. როგორც შავკანიანი სტუდენტები ამბობენ, ქართველ კაცებს უთხრეს, რომ თუ ბავშვებს სურდათ თამაში, მოედანს დატოვებდნენ, თუმცა ეს ასე არ ყოფილა.

მას შემდეგ, რაც შავკანიანმა სტუდენტებმა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს, ისინი მუქარის შემცველ და რასისტულ შეტყობინებებს იღებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი შეურაცხყოფა და მოედნიდან გაძევება მოხდა კანის ფერის გამო. თუმცა პოლიციას გამოძიება არ დაუწყია სისხლის სამართლის კოდექსის  142​1 მუხლით, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას ეხება.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

დაზარალებული სტუდენტი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობს, რომ პოლიციას არ დაუკითხავს და არ დაჰკავშირებია ინციდენტის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.