ახალი ამბები

გიგლა აგულაშვილი: სასოფლო მიწის უცხოელებზე მიყიდვის მორატორიუმი გრძელდება

26 სექტემბერი, 2013 • • 1472
გიგლა აგულაშვილი: სასოფლო მიწის უცხოელებზე მიყიდვის მორატორიუმი გრძელდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და უცხოეთში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს მიწის იჯარით აღება მორატორიუმის პირობებში აქამდეც შეეძლოთ:

 

“უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და რაც უფრო სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს კომისია, მით უფრო სწრაფად შეიძლება მოიხსნას მორატორიუმი, თუმცა მორატორიუმი თავისთავად არ ზღუდავს არანაირად მიწის იჯარით გაცემას. დღეს, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია ფიზიკურ პირზე, უცხოელზე, თუ ადგილობრივზე, სასოფლო სამეურნეო მიწა გასცეს იჯარით და ამაში არანაირი პრობლემა არ არის”

 

აგულაშვილის თქმით,  არსეობს კერძო მიწა და არსებობს მიწა, რომელსაც სახელმწიფო ფლობს:

 

“ავად, თუ კარგად კერძო მფლობელები მიწას ამუშავებენ. არის კიდევ მიწის რაღაც ფონდი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ სახელმწიფოს არ გააჩნია ინსტრუმენტები საიმისოდ, რომ ეს მიწა დაამუშაოს. ამიტომაც, პროცესი იმისა, რომ მიწა იჯარით გავცეთ უნდა დაიწყოს. “

 

აგულაშვილის განმარტებით, მისი მთავარი მიზანია მიწა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთოს:

 

“ვინც არ უნდა იყოს მიწის მფლობელი, გინდ მოქალაქეობის არმქონე იყოს ის, გინდაც მოქალაქე, ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ მან ეს მიწა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართოს, რომ ამ მიწაზე აწარმოოს პროდუქტები. ჩვენ საოცრად მდიდარი რესურსები გვაქვს ქვეყანაში, არა რაოდენობით, არამედ ხარისხით და როცა მე ჩავდივარ წალკაში, კახეთში და სხვაგან, ვნახულობ დაუმუშავებელ მიწებს. ეს ერთის მხრივ იწვევს იმას, რომ პროდუქციის შემოტანა გვიწევს უცხოეთიდან, გარდა ამისა მიწა ზიანდება დაუმუშვებლობით.”

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ რეგულაცია გონივრული უნდა იყოს, რადგან ზედმეტი და ჭარბი რეგულაცია ინვესტორს აფრთხობს:

 

“როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ მორატორიუმი გამოცხადდა 2015 წლის 1 იანვრამდე, არ გულისხმობს იმას, რომ მორატორიუმი არ შეიძლება უფრო ადრე შეწყდეს. უბრალოდ, უწყებათაშორისმა კომიტეტმა მალე უნდა შეასრულოს თავისი ამოცანები. “

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშილის განცხადებას, აგულაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერს მორატორიუმის შეწყვეტაზე არაფერი უთქვამს:

 

“შინაარს ჩავხედოთ. მორატორიუმის შესახებ კანონი ძალაშია და მოქმედებს. უცხოელებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით პრემიერს არაფერი უთქვამს, მან თქვა ის, რაზეც ჩვენ მანამდეც ვლაპარაკობდით და რაც მასთან შეთანხმდა. ვერავითარ პრობლემას აქ ვერ ვხედავ.”

 

გუშინ, ექსპერტებთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ასეთი პოზიცია გაახმაურა:

 

“მე გუშინ მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ ჯგუფთან, კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. რატომ გამოცხადდა მორატორიუმი, ამას ბევრი მიზეზი აქვს, აქ არ დავიწყებ ახსნას, ერთგვაროვნად არ არის საქმე. მორატორიუმი რომ არ გაგრძელდეს, გუშინ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება და ამას გამოქვეყნებულს თქვენ ნახავთ უახლოეს დროში. იჯარით მაინც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ გაცემა, აბსულუტურად გეთანხმებით, რომ წინააღმდეგობაში მოდის ეს ორი პროცესი ერთმანეთთან. რაც მეტი იქნება შეზღუდვა შიდა და მორატორიუმები, ბაზრის განვითარებას ეს ხელს უშლის თეორიულად, მაგრამ სახელმწიფოა ეს და სახელმწიფოს დაცვა სჭირდება, ამ შემთხვევაში ეს გამართლებული იყო,.”

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი