ახალი ამბები

მარინა ვაშაყმაძე: ვერ შევეგუები ღირებულებების უგულებელყოფას ჟურნალისტიკაში

1 თებერვალი, 2018 • 10672
მარინა ვაშაყმაძე: ვერ შევეგუები ღირებულებების უგულებელყოფას ჟურნალისტიკაში

რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს. “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში ის აღნიშნავს, რომ ჟურნალისტური ღირებულებების უარყოფას ვერ შეეგუება, რის გამოც იძულებული გახდა, რადიოდან წასულიყო.

“დიახ, მე დავტოვე რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა.

ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულებელყოფას ჟურნალისტიკაში. იმისა, რისაც მთელი არსებით მწამს და მჯერა! დეტალებს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ ვითარებაში. არაფერი შეიძლება იყოს ამ ღირებულებების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი!

რადიო თავისუფლების ერთ-ერთ ხელმძღვანელად ყოფნა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. თუმცა გაცილებით დიდი პატივია რადიო თავისუფლების გუნდთან ერთად მუშაობა, საქმისათვის თავდადებულ, ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულ პროფესიონალებთან საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ”, – აცხადებს მარინა ვაშაყმაძე.

მარინა ვაშაყმაძემ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ, 31 იანვარს მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.


დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფონზე ხელმძღვანელობა სამსახურის უფროსის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

ამის შემდეგ  რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთან.  მასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი  მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.

“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის მხარდასაჭერად ელექტრონული პეტიციაც შეიქმნა.

“ნეტგაზეთმა” რადიოს ხელმძღვანელობისგან საპასუხო კომენტარის მოპოვება არაერთგიზს სცადა, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ შიდა საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

„რადიო თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, –  ეწერა „რადიო თავისუფლების” სათავო ოფისიდან გამოგზავნილ წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი