ახალი ამბები

ავსტრიის მთავრობას კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები დააკომპლექტებენ

16 დეკემბერი, 2017 • 2230
ავსტრიის მთავრობას კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები დააკომპლექტებენ

ავსტრიის მთავრობა  კონსერვატიული “სახალხო პარტიისა” და ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კოალიციური მთავრობის მოდელს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი უკვე დათანხმდა.

“სახალხო პარტიამ”, რომელსაც ავსტრიის ახლად არჩეული კანცლერი სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს, ავსტრიაში ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩვენებში გაიმარჯვა და საკანონმდებლო ორგანოში 62 მანდატი მიიღო. თუმცა, იმის გამო, რომ პარტიამ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მოაგროვა, კოალიციის შექმნის საჭიროება დადგა. ანალიტიკოსები არჩევნების დღიდან ვარაუდობდნენ, რომ კურცის პარტია კოალიციას შეკრავდა ინტერესებით ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ სუბიექტთან, “თავისუფლების პარტიასთან”. ახლა, როცა მოლოდინი გამართლდა, გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად მხოლოდ მისი რატიფიცირებაა საჭირო.

არჩევნების წინა პერიოდში ორი პარტიის ხედვების თანხვედრა ყველაზე მეტად საიმიგრაციო პოლიტიკაში შეინიშნებოდა. მემარცხენე-ცენტრისტული “სახალხო პარტიაც” და ევროსკეპტიკოსი “თავისუფლების პარტიაც”  ქვეყანაში მიგრანტთა ტალღის შემოდინებას ცალსახად ეწინააღმდეგებოდა, გამოდიან მათთვის დაწესებული სოციალური შეღავათების შემცირებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, მოხსნის ინიციატივით.

მიუხედავად პოტენციურ კოალიციაში შემავალი “თავისუფლების პარტიის” აშკარა ევროსკეპტიკურობისა, ახლად არჩეული კანცლერი სებასტიან კურცი პირობას დებს, რომ მთავრობა პროევროპული იქნება.

“ჩემთვისაც და პრეზიდენტისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ახალ მთავრობას პროევროპული ორიენტაცია ჰქონდეს. ჩემი გადმოსახედიდან, ეს მოცემულობა დაცული იქნება”, – აღნიშნა კურცმა ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

კოალიციის ჩამოყალიბების შემდეგ ავსტრია დასავლეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომლის მთავრობაშიც ულტრამემარჯვენეები იქნებიან წარმოდგენილნი. “სახალხო პარტია” სამთავრობო კოალიციაში ბოლოს 2000-2005 წლებში იყო წარმოდგენილი. ფაქტმა ქვეყანასა და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბა, რომ ავსტრიის მიმართ დიპლომატიური სანქციები ამოქმედდა, რომლებიც რამდენიმე თვეში მოიხსნა.

2017 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  ავსტრიის პარლამენტის უმრავლესობას სოციალ-დემოკრატებისა და “სახალხო პარტიის” კოალიცია წარმოადგენდა, 51-51 მანდატით, კანცლერის პოსტს კი სოციალ-დემოკრატი ქრისთიან კერნი იკავებდა. ულტრამემარჯვენე “თავისუფლება” 38 ადგილით იყო წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში,  მათ მოსდევდა “მწვანეები” 21 ადგილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი