როგორ აფასებს კალაძე თანაგუნდელების ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს

“დღეს შეხედულებებით საქართველოში ადამიანები არ იდევნებიან”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა თბილისში, კახა კალაძემ “ნეტგაზეთის” შეკითხვას, რომელიც მისი თანაგუნდელების მიერ წარსულში არაერთგზის გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სხვა სახის შეუწყნარებელ განცხადებებს შეეხებოდა.

ეს ვიდეომასალა 2010 წელსაა გადაღებული და ასახავს, თუ როგორ მოითხოვს “ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, მომღერალ სოფო ბედიას ქმარი მიხეილ მესხი ერეკლე დეისაძის წიგნის, “საიდუმლო სირობის” დაწვას და იმ სტამბის დახურვას, სადაც ის დაიბეჭდა. გარდა იმისა, რომ ამ ვიდეოში მესხი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებს, ის ჰომოფობიურ განწყობებსაც აჩვენებს. მიშა მესხი ასევე იმყოფებოდა 2013 წლის თებერვალში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრს სცემეს.

ჩვენ მთელი კვირის მანძილზე ვცდილობდით მიხეილ მესხთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

მიხეილ მესხის გარდა, “ოცნების” პარტიული სიის პრეზენტაციის დროს თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა “ასავალ-დასავალის” ყოფილი ჟურნალისტი ბექა სივსივაძე.

2012 წელს “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ჟურნალისტი ბექა სივსივაძე რესპონდენტ მურმან დუმბაძესთან საუბრისას ანტითურქულ განწყობებს ამჟღავნებდა. ეს ინტერვიუ მონიტორინგის ანგარიშში – „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ – მოხვდა.

“თურქები მასპინძლებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სტუმრებს. მგონი, მთელი ბათუმი იყიდეს უკვე…”, “შეგვიძლია, ქართველ კაცებს შევუძახოთ, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან პლაჟზე გასულ მათ ქალებს შეიძლება თურქმა უჩქმიტოს…“ – ბექა სივსივაძის ეს ფრაზები მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა.

ჩვენ ერთ კვირაზე მეტია ვცდილობთ ბექა სივსივაძესთან საუბარს, რათა გაგვერკვია, რჩება თუ არა იმავე აზრზე ქსენოფობიურ და თურქოფობიურ შეხედულებებთან დაკავშირებით. იგი რამდენჯერმე დაგვპირდა, რომ თვითონ დაგვიკავშირდებოდა ტელეფონით, თუმცა ჩვენი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, მასთან გასაუბრება ვერ შევძელით.

“ქართული ოცნების” მიერ  თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ნეტგაზეთმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა საკრებულოს დეპუტატობის კადიდატების, ბექა სივსივაძის თურქოფობიურ და მიშა მესხის სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ განცხადებებზე.

“ბექა სივსივაძეს ჰქონდა თურქოფობიური შეხედულებები, რაც “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა. მიშა მესხი გასულ წლებში სიტყვის თავიუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამართულ აქციებზე გამოდიოდა. თქვენ რას ფიქრობთ და რამდენად იცნობდით მათ შეხედულებებს, როდესაც ეს გუნდი შეიკრა?” – ვკითხეთ კალაძეს.

მან გვიპასუხა, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან:

“დღეს შეხედულებებით საქართველოში ადამიანები არ იდევნებიან. ყველა თავისუფალია, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებელობა იმისა, რომ ისაუბროს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე. ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები მიდიოდნენ ციხეში, განსხვავებული აზრის გამო იდევნებოდნენ სამსახურებიდან, ცოცხებით, ხელკეტებით უსწორდებოდნენ, ეს წლები, საბედნიეროდ, ჩავაბარეთ წარსულს და გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს.

ნეტგაზეთს ამ საკითხთან დაკავშირებით კალაძისთვის უფრო დაზუსტებელი შეკითხვის დასმის საშუალება აღარ მიეცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი