ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაპატიმრება აღარ არის საშიში, აზერბაიჯანი ისედაც ერთი დიდი ციხეა – ინტერვიუ მეჰმან ალიევთან

18 სექტემბერი, 2017 • 3782
დაპატიმრება აღარ არის საშიში, აზერბაიჯანი ისედაც ერთი დიდი ციხეა – ინტერვიუ მეჰმან ალიევთან

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 15-მდე პოლიტპატიმარი შეიწყალა. მათ შორის მეჰმან ალიევია – საინფორმაციო სააგენტო თურანის დირექტორი. თურანმა დაახლოებით ერთი თვის წინ საქმიანობა შეაჩერა, რადგანაც აზერბაიჯანის საგადასახადო უწყებამ გამოცემის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, რასაც თურანის ხელმძღვანელის, მეჰმან ალიევის მიმართ ბრალდება – გადასახადებისგან თავის არიდება და მისი დაკავება მოჰყვა. უფლებამდაცვლებმა მეჰმან ალიევის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს. მათი აზრით, თურანის დახურვით აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში დარჩენილ დამოუკიდებელ მედიას თავს დაესხა. ნეტგაზეთის კითხვებს მეჰმან ალიევი პასუხობს:

ბატონო მეჰმან, ელოდით დაკავებას?

დიახ, რამდენადაც ამას მრავალი პროცესი უძღოდა წინ და ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ჩემი დაკავება გარდაუვალი იყო. მედიაზე ზეწოლის პროცესში, ვერც ჩვენ ვიქნებოდით გამონაკლისი. ბოლო დროს ეს ზეწოლა უფრო ძლიერდებოდა. ასეთი ფინალს ნამდვილად მოველოდი. თურანის დახურვა და ჩემი დაკავება, უბრალოდ, დროის საკითხი იყო, რომელიც ერთი თვის წინ განახორციელეს. თურანი იყო უკანასკნელი დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში და მისთვის რამე უნდა მოეხერხებინათ. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ თურანს არავინ კითხულობს. მაგრამ საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, მის დახურვასა და ჩემს დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

დაკავების დროს რა იფიქრეთ, რამდენწლიან პატიმრობას ელოდით?

ვფიქრობდი, ზონაში გადამიყვანდნენ. ველოდებოდი სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას. თუმცა, რამდენ წელს მომისჯიდნენ, არ ვიცოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი. მშვიდად ვიყავი, ვხუმრობდი კიდეც. ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ პატიმრობა აღარ არის საშიში. მთლიანად ქვეყანა ერთი დიდი ციხეა. შეიძლება ითქვას, გათავისუფლების შემდეგ პატარა ციხიდან დიდში გადმოვედი იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების შეგრძნება მაინც არ გაქვს. ვერ გრძნობ, რომ თავისუფალი ხარ.

თქვენი მოლოდინი საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების რეაქციებზე გამართლდა? ელოდით მსგავს მხარდაჭერას?  

რა თქმა უნდა, ველოდი მხარდაჭერას. თურანი ევროპული ქვეყნების საელჩოებს შორის პოპულარული საინფორმაციო სააგენტო იყო. პირდად ვიცნობ ბევრ ელჩს. თურანს ბევრი საერთაშორისო მედია ციტირებს. ველოდი მხარდაჭერას, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა იმდენად დიდი იყო, მეც არ ველოდი მსგავს ოპერატიულობას და ხისტ პოზიციას. მადლობა მათ ამისთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება სადღაც მაინც ითვალისწინებს საერთაშორისო აზრს. სხვა პოლიტპატიმრებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა.

ახლა გამოხვედით ციხიდან. როგორ გაგრძელდება თურანის საქმიანობა?

ჯერჯერობით თურანის საქმიანობის გაგრძელებაზე საუბარი რთულია. იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავინდებულად მძიმე სიტუაციაა. შეიძლება ითქვას, არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ციხიდან გამათავისუფლეს. სხვა მხრივ, არაფერი შეცვლილა, სისხლის სამართლის საქმე გრძელდება. თურანმა ამ ეტაპზე შეაჩერა საქმიანობა. ანგარიში დახურულია, ფული არ გვაქვს. ამიტომაც ასეთ შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორება მარტივი არ არის. ჩვენმა თანამშრომლებმა ოჯახები უნდა არჩინონ. ხელფასი სჭირდებათ. თუკი საზოგადოების მხრიდან არ იქნება სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა, რთული იქნება საქმიანობის გაგრძელება. ფინანსური კუთხე ახლა მთავარი საკითხია. დავუშვათ, რომ სისხლის სამართლის ძიება შეწყდა, საიდან ვიშოვით ფულს? ამიტომაც ამ საკითხის გადაჭრას დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ.

თქვენი გათავისუფლების შესახებ სხვადასხვა აზრია: ნაწილი ამბობს, რომ თქვენ პრეზიდენტს მიმართეთ შეწყალების თხოვნით. ზოგიერთი კი ამბობს, რომ როდესაც პრეზიდენტი ყაზახეთიდან დაბრუნდა, მას ეს ახალი ამბავი ამცნეს და თავად მიიღო თქვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება. როგორ ფიქრობთ, რამ იქონია გავლენა თქვენს შეწყალებაზე?

ჩემთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მითხრეს, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი შეწუხებული არიან შექმნილი სიტუაციით. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ პრეზიდენტს მიმართავო. მათ თქვეს, რომ ეს საკითხი შეიძლება დადებითად გადაიჭრას, რადგანაც ინტერესის საგანია. მე დავწერე ეს მიმართვა, წერილში შევეხე თურანის ისტორიას, ჩემს მედიაინიციატივებს, იმას, რომ თურანი ყოველთვის პროფესიული კოდექსისა და კანონის შესაბამისად საქმიანობდა და არასდროს ჰქონია საქმე სასამართლოში. ასევე მივწერე, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას ვაშუქებდით, მათ შორის- პრეზიდენტის საქმიანობას. ასევე ის, რომ არასდროს აგვირიდებია თავი გამოძიებისთვის და ასეთ გარემოებებში ჩემი დაკავება, უბრალოდ, არასწორი იყო. შესაბამისად, ვითხოვდი, ბოლო გადაწყვეტილება შეეცვალათ, თუმცა, არ მომითხოვია საქმის სრულიად შეწყვეტა.

შეიძლება თუ არა, რომ თქვენმა გათავისუფლებამ გავლენა სხვა პოლიტპატირებზეც იქონიოს?

თუ შეხვედავთ სურათს მთლიანობაში, საკმაოდ ძლიერ კონსოლიდაციას ვხედავთ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ევროპის საბჭომ, გაერომ, ეუთომ და აშშს-ის აღმასრულებელმა ხელსუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხისტი პოზიცია გამოთქვეს. ასევე გამოხატა პოზიცია აზერბაიჯანის საზოგადოების სხვადასხვა წრემ. დიდი გამოცოცხლება შეიმჩნეოდა სოციალურ ქსელშიც. თუმცა ჩემი დაკავება წააგავდა საბაბს იმისთვის, რომ ვულკანს გაეღვიძა. ხელისუფლება არ მოელოდა კრიზისს, არ მოელოდნენ ჩემი დაკავებით დიდ რეაქციას. სწორედ ამ სიტუაციამ მიმიყვანა თავისუფლებამდე. 

მეჰმან ალიევი; ფოტო: http://regionalhumanrights.org/

მეჰმან ალიევი; ფოტო: http://regionalhumanrights.org/

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი