ახალი დეტალები ბათუმში აღმოჩენილი ცხედრების საქმეზე

ბათუმში გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდის მშობლები ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით, მათ შვილს დანით მიყენებული ჭრილობები, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიით ვრცელდება, არ აღენიშნებოდა. ნეტგაზეთი ესაუბრა იმ ადამიანს, რომელიც ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში, სადაც დღეს ორი ცხედარი აღმოაჩნეს, პირველად შევიდა.

თუმცა აღნიშნული პირი ამბობს, რომ მან მხოლოდ საკუთარი შვილის ცხედარი ნახა და მეორე გარდაცვლილი არც შეუმჩნევია, რადგან მეორე ოთახში არ შესულა.

“მე ჩემი შვილისკენ წავედი და მეორე ოთახში აღარ შევსულვარ.  სასწრაფო რომ მოვიდა, შემდეგ ექიმებმა თქვეს,  რომ მეორე გვამიც არისო”, – ამბობს გარდაცვლილის მამა.

ნეტგაზეთი მეორე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან დაკავშირებასაც ცდილობს.

სახლი, სადაც ორი ცხედარი იპოვეს ჩვენი პირველი რესპონდენტის ცოლმა ანუ გარდაცვლილის დედამაც დაათვალიერა. მეორე ცხედარი არც მას უნახავს. ის ამბობს, რომ ბინაში 2-ზე მეტი, დაახლოებით 5-6 ჭიქა იდგა მაგიდაზე, რომელშიც ენერგეტიკული სასმელის მსგავსი სითხე ესხა, “მოყავისფრო”.

მეორე რესპონდენტი ამბობს, რომ მის შვილს კიდურებზე სისხლჩაქცევები აქვს, ხოლო პირი ქაფით ჰქონდა სასვე. დანით მიყენებული ჭრილობები არც მას დაუნახავს.

გარდაცვლილის მამის თქმით, მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ, თუმცა მან საკუთარი თვალით მხოლოდ შვილის გვამი ნახა.

გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, რომ შვილთან კონტაქტს 5 აგვისტოს შემდეგ ვეღარ ამყარებდნენ. მამა ბათუმში ჩავიდა მოსაძებნად და სახლს მხოლოდ დღეს მიაგნო. ცხედრებიც დღეს აღმოაჩნეს. მშობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, შვილი არც ნარკოტიკებს ეტანებოდა და არც მტრები ჰყავდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია. თუმცა, სამინისტროში არ აზუსტებენ, რომელი რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ გარდაცვლილები.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთ გარდაცვლილს ყელი აქვს გამოჭრილი,  „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში ეუბნებიან, რომ პირველადი დათვალიერების მიხედვით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ინფორმაციას არც სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ. მათი თქმით, გარდაცვლილებზე მსგავსი რამ არ შეუმჩნევიათ.

ახალგაზრდა მამაკაცები ბათუმში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები.

შსს-ს ცნობით, ცხედრები ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. მშობლების ინფორმაციით ტარდება ექსპერტიზა.

ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს, 8 აგვისტოს იპოვეს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com