ახალი ამბები

ქუმსიშვილი: 6 თვეში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 9.4 %-ით გამყარდა

6 ივლისი, 2017 • 2212
ქუმსიშვილი: 6 თვეში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 9.4 %-ით გამყარდა

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.7%-ითაა გამყარებული, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 9.4%-ით გამყრდა. ქუმსიშვილის განცხადებით ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და საგარეო ფაქტორებია.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2017 წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 4%-ია, თუმცა, 5 თვის მაჩვენებლის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.

“საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, 6 თვეში ბიუჯეტში 4 მილიარდ 748 მილიონი ლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზე გარკვეულმა ფაქტორებმა იმოქმედა და ამ ფაქტორებს მინდა გავუსვა ხაზი, ექსპორტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მთლიანად განხორციელებულმა ექსპორტმა შეადგინა  1 მილიარდ 3 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 28.7%-ით მეტია. ხოლო, ჯამში, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 3 მილიარდ 944 მილიონი აშშ დოლარი, რაც 14.9%-ით მეტია”,- განაცხადა ქუმსიშვილმა

ფინანსთა მინისტრმა ტურიზმის შესახებ არსებულ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 6 თვეში საქართველოს  2 000 996 ადამიანი ეწვია, რაც 13.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით:

“ტურიზმისგან წინა წელთან შედარებით 205 მილიონი დოლარით მეტი შემოსავალი მივიღეთ. ჯამურად, 6 თვის მონაცემებით, ტურიზმით 1 მილიარდ 70 მილიონი დოლარია შემოსული. ეკონომიკაზე ძალიან კარგი გავლენა ჰქონდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პირველ კვარტალში, მოგეხსენებათ, რომ 403 მილიონი დოლარი უცხოური ინვესტიციები იყო ძირითადად ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, მშენებლობა და უძრავი ქონება”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი