ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: უწმინდესმა და უნეტარესმა კონსტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება ბრძანა

19 ივნისი, 2017 • 18591
ირაკლი კობახიძე: უწმინდესმა და უნეტარესმა კონსტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება ბრძანა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კოსნტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება ბრძანა. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ილია მეორეს შეხვდება.

“ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან და ამ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება განცხადებების გაკეთება. ”

მისივე თქმით, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს:

“რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა და შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი