ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი დეპუტატი მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანულ-ქართულ ერთობლივ ოპერაციაზე საუბრობს

9 ივნისი, 2017 • 16442
აზერბაიჯანელი დეპუტატი მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანულ-ქართულ ერთობლივ ოპერაციაზე საუბრობს

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანელი დეპუტატი ელმან ნასიროვი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანულ-ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

“სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ აფგან მუხთარლი არის ფიგურა, მსხვილი ქსელის განუყოფელი ნაწილი. უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალები საქართველოში აგროვებენ ისეთებს, როგორიც აფგან მუხთარლია. საუბარია დიდ ფინანსებზე, მსხვილ ორგანიზაციებზე. საქმე მხოლოდ აფგანს რომ შეხებოდა, ასეთი დაკავების აუცილებლობა არ დადგებოდა. ეს ქსელი, რა თქმა უნდა, იცავს აფგან მუხთარლის. მათ სურდათ წინააღმდეგობა გაეწიათ, მუხთარლი აზერბაიჯანში რომ ჩამოეყვანათ. ამ კუთხით ეს ერთობლივი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი. აზერბაიჯანულმა სტრუქტურებმა აჩვენეს პროფესიონალიზმი. თავი აარიდეს წინააღმდეგობას და დამნაშავე ადამიანი აზერბაიჯანში  ჩამოიყვანეს. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიება”, – აცხადებს მილი მეჯლისის დეპუტატი.

საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში თანამონაწილეობა ქართულ მხარეს არ მიუღია.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი