7579

“შეიძლება საერთაშორისო სკანდალის მომსწრენი გავხდეთ” – ლევან ასათიანი აფგან მუხთარლის საქმეზე

სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში Amnesty International-ის კამპანიის კოორდინატორი ლევან ასათიანი ამბობს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს თბილისიდან “გაუჩინარებული”ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე. ლევან ასათიანის განცადებით, აზერბაინაჯში წყაროებმა დაუდასტურეს, რომ აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოში იმყოფება და დაპატიმრებულია.

ასათიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება და რაც შეიძლება სწრაფად დაადგინოს სიმართლე, თუ რა მოხდა:

“შეიძლება საერთაშორისო სკანდალის მომსწრენიც კი გავხდეთ იმიტომ, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ თუკი ამ ყველაფერში ურევია აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ხელი, ეს მიუთითებს საქართველოს სუვერენიტეტში უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ ძალიან სერიოზულ ჩარევაზე,”- განაცხადა მან ნეტგაზეთთან საუბრისას.

იგი საუბრობს ორი შესაძლო ვერსიის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა გუშინ, 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელსაც პასპორტი სახლში ჰქონდა, დღეს ბაქოში აღმოჩენილიყო:

“აქ  ორ ვერსიაზე შეიძლება იყოს საუბარი. ერთი, რომ აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან თვითონ გაიტაცეს და მოახერხეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღრის გადაკვეთა ამ ადამაინთან ერთად. მეორე კი, თვითონ საქართველოს ძალოვანი უწყებები იყვნენ ჩარეული ამ ყველაფერში და ეს ადამიანი გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე. სხვანაირი ახსნა ამ ეტაპზე არ შეიძლება ჰქონდეს იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს პასპორტის გარეშე აზერბაიჯანში დაკავებული, მაშინ, როდესაც წინა საღამოს თბილისში იყო და მას აზერბაიჯანში წასვლის არანაირი გეგმა არ ჰქონია,”- ამბობს ლევან ასათიანი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ მოხერხდა აფგან მუხთარლის გადაყვანა თბილისის ცენტრიდან სხვა სახელმწიფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ.

“საზღვრის გადაკვეთა მოხდა უკანონოდ, რაც არის დანაშაული და რაშიც შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ გარეული, რაც ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ ჩადენილი დანაშაულია. ან მეორე ვარიანტი, ჩართული იყვნენ ქართული სპეცსამსახურები და ქართული ძალოვანი უწყებები და ესეც დანაშაულია იმიტომ, რომ არ შეიძლება, ადამაინი კანონგარეშე დააკავო და გააპარო ქვეყნიდან. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები. თუ სახელმწიფოს ამ ადამიანის აზერბაიჯანში ექსტრადიცია უნდოდა, მაშინ ეს უნდა გაკეთებულიყო შესაბამისი პროცედურებისა და სტრანდარტების დაცვით. საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟია, გამოიძიოს, რა და როგორ მოხდა,”- ამბობს ასათიანი.

მისივე თქმით, თუკი დადასტურდება, რომ ამაში ქართველი ძალოვნები იყვნენ გარეული, მაშინ ისინი პასუხისგებაში უნდა მისცენ, ხოლო თუ აზერბაიჯანული სპეცსამსახურები – შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საერთაშორისო დონეზე.

აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა

აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა

აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, ისინი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესკომპანიების შესახებ ამზადებდნენ მორიგ საგამოძიებო სტატიას.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

საქართველოს შსს-ს დღევანდელი განმარტებით, “საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი