ახალი ამბები

თურქეთის საელჩოს თხოვნით პარლამენტმა დიდგორის დღის უქმედ გამოცხადებაზე კანონპროექტი შეაჩერა

21 აპრილი, 2017 • 96564
თურქეთის საელჩოს თხოვნით პარლამენტმა დიდგორის დღის უქმედ გამოცხადებაზე კანონპროექტი შეაჩერა

23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერებულია, რასაც პროექტის ინიციატორი ორი მიზეზით ხსნის.

ნუკრი ქანთარიას განცხადებით,  ერთი მიზეზი ის არის, რომ კანონპროექტის ინიციატორები კონსულტაციას მართავენ ისტორიკოსებთან, ხოლო მეორე მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნაა.

კონსულტაციები ისტორიკოსებთან და ღონისძიების მასშტაბურობა

“ისტორიკოსებს ვხვდებით. ისეთი რამის გაკეთება გვინდა, რომ მიმზიდველი იყოს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. არ გვინდა, რომ ფორმალური დღე იყოს, ორი გარმონის გაწელვისთვის და ერთი დოლის დაკვრისთვის არ ვაკეთებთ,” – ამბობს ნუკრი ქანთარია.

15 მარტს, კანონპროექტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, სხდომის წამყვანი გენადი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მეორე მოსმენის დროს კომიტეტის სხდომაზე ისტორიკოსები და სხვა პირები მოეწვიათ, რაზეც უარი მიიღო. მაშინ ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ ეს დროის გაწელვაა.

თურქეთის საელჩოს გავლენა

დეპუტატის განმარტებით, თურქეთის საელჩომ პარლამენტს მეგობრული თხოვნით მიმართა, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ მიიღონ:

“თურქეთის საელჩომ თხოვნით მოგვმართა და გვითხრა, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღე არის და პარლამენტის ამ გადაწყვეტლებამ შეიძლება გარკვეული [უსიამოვნება] შეიტანოს ურთიერთობებში. მეგობრული თხოვნა იყო. რა თქმა უნდა, საელჩოს ჩვენს საშინაო საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს და კანონს ვერც ერთი ქვეყანა გაგვიჩერებს, ეს ჩვენი საქმეა,” – ამბობს ქანთარია.

მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, რომელთანაც ურთიერთობის დაძაბვა არ გვაწყობს:

“სამწუხაროდ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და იმპერიული ზრახვები არ გვაქვს და ჩვენი გავლენის ქვეშ სხვის მოქცევას არ ვცდილობთ. ამიტომ მუდმივად გვმართებს დიპლომატია, ბეწვის ხიდზე სიარული, რომ რამე ჩვენი არ დავკარგოთ და ქვეყნის პერსპექტივას ზიანი არ მივაყენოთ. თურქეთი ჩვენი მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, მას აქვს საშუალება, რომ ჩვენთან სიტუაცია დაძაბოს. ის არც აფხაზეთს აღიარებს და არც სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ჩვენ ამის გამო მადლიერები ვართ. ოფიციალურად, აჭარაზეც არ აქვს პრეტენზია, თუმცა ეროვნული აღქმის დოკუმენტში გარკვევით უწერიათ, რომ აჭარა მისი ტერიტორიაა. ყარსის ხელშეკრულებას ვადები არ აქვს და ამ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ საქართველო 1921 წელს თურქეთს უთმობს ტერიტორიას. ვუთმობ ნიშნავს, რომ ჩემია და ვუთმობ და არა იმას, რომ სამართლიანობა აღდგა. ასე რომ, აქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელზეც გარკვეული ჭკუის გამოჩენა გვმართებს.”

დეპუტატის განმარტებით, გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქეთში  გარკვეულმა ხალხმა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს და სიტუაცია დაძაბოს:

“ჩვენმა ზეიმმა გარკვეული ეჭვები და კითხვები არ უნდა გამოიწვიოს, თუმცა ისინიც აღიარებენ, რომ ეს ის თურქეთი არ არის. იქ თურქმენები არიან, არაბეთის საემიროა და ა.შ. ჩვენ ეს ავუხსენით და თქვეს, რომ ამის მიუხედავად არის ხალხი, რომლებმაც ეს თემა შეიძლება გამოყენონ და თავისთავად დაიძაბოს სიტუაცია. დავითის  დროს ოსმალეთის იმპერიაც არ არსებობს. ჩემთვის ეს ღიმილის მომგვრელია. მე კანონპროექტს უკან არ გამოვიტან, არ გავაჩერებ, მაგრამ პოლიტიკური გარემოებები რომ არ გავითვალისწინოთ, ესეც არ იქნება სწორი.”

რა ფორმას მიიღებს კანონპროექტი?

ნუკრი ქანთარიას განმარტებით, მომდევნო კვირაში კანონპროექტს კომიტეტები მეორე მოსმენით განიხილავენ და იქ გადაწყდება, რა ფორმას მიიღებს პროექტი:

“კანონპროექტის პრინციპი არ შეიცვლება, ჩვენ გვინდა გამარჯვების და გაერთიანების თარიღი. დღე, როცა მთელი ქვეყანა ვიზეიმებთ ჩვენს გამარჯვებას და ეს იქნება წარსულთან კავშირი, ისტორიასთან კავშირი და, ამავე დროს, მომავლის გარკვეული სტიმული. შეიძლება გაერთიანება და გამარჯვება იყოს, სადაც დიდგორიც შევა, შემდგომი ეტაპებიც შეიძლება შევიდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაფანტული, კონკრეტული თარიღიდან გამომდიანრე უნდა მოხდეს განზოგადება. მომდევნო კვირაში გავიტანთ კომიტეტის სხდომაზე და პრინციპი არ შეიცვლება. სახელწოდება – დიდი გამარჯვების დღე დარჩება, შეიძლება სიტყვა გაერთიანება დავამატოთ.  თარიღი შეიცვლება თუ არა, არ ვიცი. გუნდში ამ კანონპროექტს ისეთივე მხარდაჭერა აქვს ახლა, როგორც პირველ მოსმენაზე ჰქონდა, არც შეიძლება რომ არ ჰქონდეს.”

____________________________________________________

“შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივლისისა და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს 12 აგვისტოს – „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

“ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა, მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე.

გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი