ახალი ამბები

ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

22 მარტი, 2017 • 4851
ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ. ეს პირები 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმეს და შემდეგ დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები ბათუმში.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ჩათვალა, რომ რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო ჯიმი ვარშანიძეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმა – 100 ლარი დააკისრა. ჯიმის სამართალდამცველები პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებოდნენ.

“მანქანიდან ჩამოსვლა და ხმაურის ატეხვა იმის გამო, რომ ჯარიმას გიწერდნენ, საჭირო არ იყო,” – განმარტა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

განმარტება ჟურნალისტებთან გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა გია ხალვაშმაც. ის პატრულის თანამშრომელია, ვინც გუშინდელ სხდომაზე თქვა, რომ რამაზ ხიმშიაშვილმა მას და მის მეწყვილეს, მეგი ხუნწარიას შეაგინა. მეგი ხუნწარიამ გუშინ, 21 მარტს სასამართლოს მოწმის სახით მისცა ჩვენება და თქვა, რომ გინება არ გაუგონია.

“მეგი ხუნწარიას თავისმა მეუღლემ უთხრა, არ მისულიყო საერთოდ სასამართლოში. ის სუს-ის თანამშრომელია და გუშინ სასამართლო სხდომასაც ესწრებოდა. ამის გამო არ თქვა მეგიმ სიმართლე,” – თქვა დღეს გია ხალვაშმა, პატრულის თანამშრომელმა.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გუშინდელ სხდომაზე  ნახა საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიც,  თუმცა იქ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირებული არ არის.

11 მარტის აქციის საქმეზე პოლიციამ 15 პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიწყო გამოძიება, ხოლო 80 პირის მიმართ- ადმინაისტრაციული სამართალწარმოება. წინასწარი გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი