ახალი ამბებისამართალი

ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი სოციალური უფლებების მიმართ რეზისტენტულია

1 მარტი, 2017 • 2106
ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი სოციალური უფლებების მიმართ რეზისტენტულია

“ფიქსირდება სერიოზული რეზისტენტობა სოციალური უფლებების მიმართ, რაც არის პოლიტიკური განაცხადი” – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობასთან დაკავშრებით 28 თებერვალს განაცხადა.

საიას თავმჯდომარის თქმით, კომისიაში შემავალი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები თავს იკავებენ, რომ პოლიტიკური საკითხები ასახონ კონსტიტუციაში. მისივე განცხადებით, კონსტიტუცია მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი არ არის.

“მსჯელობის დროს ჩვენ არაერთხელ ვაწყდებით ამ მიდგომას, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ წმინდა სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს აუცილებლად ყველა სიტყვა, ყველა წინადადება და, ზოგადად, მსჯელობა. ეს არის არასწორი მიდგომა იმიტომ, რომ კონსტიტუცია არ არის ჩვეულებრივი კანონი, ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი. ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სამართლებრივად სწორად ფორმულირებული,  მაგრამ ის უნდა იყოს პოლიტიკური გზავნილების შემცველი დოკუმენტი და უნდა სცემდეს ნათელ პასუხს კითხვაზე, რა ტიპის სახელმწიფოს ვაყალიბებთ,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკური გზავნილია ევროატლანტილური კურსი და ისიც პოლიტიკაა, თუ როგორ განსაზღვრავს კონსტიტუცია ადამიანის უფლებებს.

ნაცვლიშვილის თქმით, სოციალური უფლებების ჩაწერა კონსტიტუციაში არ ნიშნავს სიღარიბის აღმოფხვრას და იმას, რომ ერთ ღამეში სოციალური ფონი შეიცვლება. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დეკლარირებული ექნება პოლიტიკის პრინციპები – თუ როგორ დაგეგმავს თავის პოლიტიკას და გადაანაწილებს რესურსებს. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ჯგუფის წევრები ამ კუთხით ნაკლებ ინტერესს იჩენენ.

“ადამიანის უფლებები ყველაზე დიდი პოლიტიკაა. რა ტიპის გზავნილებს გაგზავნის სახელმწიფო ამასთან მიმართებაში, არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან უჭირს სახელმწიფოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ გაგზავნონ ეს პოლიტიკური გზავნილები და ეს ხდება, მათ შორის, სოციალური უფლებების ხარჯზე, რაც არის ძალიან სავალალო. არასწორად იყო დასმული საკითხები, რომ ჩვენი ბიუჯეტი ამას ვერ გაუძლებს, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ტიპის ეკონომიკური სახელმწიფო, რომ მაგალითად, საცხოვრისის უფლება ავითღოთ ჩვენს თავზე და ა.შ. საერთაშორისო სამართალი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ ამ ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა უფლებების, მყისიერად იყოს უზრუნველყოფილი და ყველა ადამიანს, ვისაც დღეს საცხოვრისი არ აქვს, მიეცეს საცხოვრისი. აქ საუბარია იმაზე, რომ უნდა დეკლარირდეს სახელმწიფოს კურსი და სახელმწიფო ორგანოებმა იცოდნენ, როგორ უნდა დაგეგმონ პოლიტიკა,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარის თქმითვე, არასწორია აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ კონსტიტუცია აუცილებლად ლაკონური დოკუმენტი უნდა იყოს.

“მესმის, რომ კონსტიტუცია ვერ იქნება რომანი, მაგრამ ზედმეტი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი. ეს თითქოს ჟღერდება, როგორც პროცესის ამოსავალი. ეს ვერ იქნება პროცესის ამოსავალი. პროცესის ამოსავალი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ კარგი კონსტიტუცია და, თუ საჭიროა, ცოტა გრძლადაც უნდა დავწეროთ.  ეს არის პოლიტიკური გზავნილების დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად ფორმდება, სამართლებრივი სახე აქვს, თორემ, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკის დეკლარირება, რა ურთიერთმიმართება აქვს მას მოქალაქესთან,  როგორია ძალთა ბალანსი,”- განაცხადა მან.

28 თებერვალს პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომა გაიმართა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი