ახალი ამბები

სოსო ოხანაშვილი ილია მეორის დაცვას აღარ ხელმძღვანელობს

26 თებერვალი, 2017 • 5689
სოსო ოხანაშვილი ილია მეორის დაცვას აღარ ხელმძღვანელობს

სოსო ოხანაშვილი, რომელიც აქამდე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის  დაცვას ხელმძღვანელობდა, თავის თავს უკვე ყოფილ უფროსს უწოდებს.

ამის შესახებ მან “რუსთავი 2”- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ის ამბობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და “უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას”  შეეწირა.

“ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება. ახლაც მიჭირს, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ამის გახსენება იქნება ყოველთვის მძიმე. მე პატრიარქისთვის არ ვიყავი მარტო დაცვა..”, – აცხადებს ოხანაშვილი.

ოხანაშვილმა თავის ადრინდელ საქმინობაზეც ილაპარაკა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ პატრიარქის დაცვამდე სახელმწიფო ძალოვან უწყებებში მუშაობდა:

“მე უარი განვაცხადე, დამერბია მიტინგი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს იყო, ამის გამო მე გამომიშვეს და როცა 2008 წელს ომი იყო, მინდოდა გორში წასვლა და მითხრეს, შენ არ გეგონოს ძველი დრო, ვერ ჩამოხვალ აქ. სამხედრო პოლიციიდან დამირეკეს”.

თუმცა ოხანაშვილი “რუსთავი 2” -თან საუბარში ასევე ამბობს, რომ 2008 წლის ომის დროს არათუ გორში, არამედ კონფლიქტის ზონაშიც იმყოფებოდა პატრიარქთან ერთად, საიდანაც ქართველი ჯარისკაცების ცხედრები გადმოასვენეს.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ საპატრიარქოში დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა:

“ დიდი ხანია მიდის, სადაც მადლია, იქ ყოველთვის არის ცოდვაც. ამიტომ ეს პროცესები რთულად არის, ერთი ხელით ამის ახსნა შეუძლებელია”.

“ნეტგაზეთისთვის” ცნობილი არ არის, პროცედურულად ვინ ნიშნავს პატრიარქის დაცვის უფროსს და ამ დრომდე ვერ გაარკვია პროცედურები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი