20160512_142942-e1485248507827

მწვანე კონცხზე 13640 კვ/მ მიწა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეიძინა

ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნული ქონება 4 600 000 ლარად შეიძინა.

აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია.

რაც შეეხება პირობებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქონების საფასურის ნაწილის ჩარიცხვას [სამი მილიონი ლარი] ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში ითხოვს. დარჩენილი თანხა კი მყიდველმა აჭარის ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. გარდა ამისა, მყიდველი იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ერთ-ერთი ინფორმირებული პირი, რომელიც საჯაროდ თავისი ვინაობის დასახელების წინააღმდეგი იყო, სასწავლებლის შენობის გაყიდვამდე ამბობდა, რომ ტერიტორიის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. ივანიშვილის მწვანე კონცხთან დაკავშირებული გეგმების შესახებ “ბათუმელები” აქამდეც წერდა. მწვანე კონცხზე საქართველოს ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის პროექტის ე.წ. პანორმა ბათუმის შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი 2015 წლის ბოლოს გაასხვისა. აუქციონში „ბიზნეს დეველოპმენტი“ მაშინაც უკონკურენტო იყო.

თავის დროზე, შესაძლებლობა, რომ „ბიზნეს დეველოპმენტის“ უკან ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იდგეს, არ გამორიცხა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.

ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შესასვლელ ჭიშკარზე, დაახლოებით ერთი წლის წინ, პატარა დაფა იყო გამოკრული წარწერით: „მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღის ზედა შესასვლელის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსი 300-320 ნომერზე“. აქ მშენებლობა უკვე დაწყებულია და დაფაც შეცვლილია. ახალი საინფორმაციო დაფა გვაუწყებს, რომ აქ „Magnolia – Resort & SPA“ შენდება, დამკვეთი კი „ბიზნეს დეველოპმენტია“.

შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წლის ივნისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილს შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, კომპანიის საიტის მიხედვით, 2005 წელს შეიქმნა და ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

თანამშრომლობს თუ არა კომპანია საპარტნიორო ფონდთან, რომელი კომპანიები არიან მისი პარტნიორები მწვანე კონცხის პროექტში, რა გეგმები გაქვთ და ან რა კავშირები იმ ფირმებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება? – ამ კითხვების პასუხად, თავის დროზე კომპანიიდან შემდეგი SMS-ს შეტყობინება მივიღეთ: „სამწუხაროდ, „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენს მიერ დასმული კითხვების და საკითხის გარშემო, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com