ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტს ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. საბჭოს დირექტორობის კონკურსის გამარჯვებული დღეს აირჩიეს. მან საბჭოს წევრთა 6 ხმა მიიღო.

საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება, რადგან პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი – 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ და 2 – თინათინ ბერძენიშვილმა მიიღეს. ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 5 ხმა.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში – სახელმწიფო რწმუნებული. ის ასევე მუშაობდა ომბუდსმენის აპარატში.

გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობას სულ 14 კანდიდატი იღებდა. მეორე ტურში მხოლოდ 5 მათგანი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე და ნათია კუპრაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მაუწყებლის გენდირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა. ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა დატოვა.

სამეურვეო საბჭომ ახალი დირექტორი 6 წლის ვადით აირჩია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი