ახალი ამბები

პარლამენტი საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე მსჯელობს

15 დეკემბერი, 2016 • 6577
პარლამენტი საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე მსჯელობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  “სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და კომისიის დამტკიცების” შესახებ მსჯელობენ. დადგენილების პროექტს დეპუტატებს ირაკლი კობახიძე აცნობს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება:

“პირველი არის ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი. ძირითადი თემატიკა იქნება ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება. მეორე არის პარლამენტის ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი. მესამე, პრეზიდენტი, მთავრობა და თავდაცვის საკითხები, ხოლო მეოთხე – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხთა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფი. ”

ირაკლი კობახიძის თქმით, კომისიის მუშაობის ორი ფორმაა გათვალისწინებული:

“ესაა კომისიის სხდომა და სამუშაო ჯგუფის სხდომა. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გადაწყვეტილებაც სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება,” – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ დადგენილების დამტკიცებიდან 15 დღის ვადაში გაიმართება პირველი სხდომა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისიის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი წარმომადგენლები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს; დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი;  ასევე, იმ პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ ხმების 3% მაინც მიიღეს;

დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისიაში ასევე იქნება პრეზიდენტის ორი წარმომადგენელი; მთავრობის ორი წარმომადგენელი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები; საქართველოს სახალხო დამცველი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; გენერალური აუდიტორი; უშიშროების საბჭოს მდივანი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განსაზღვრავს, თუმცა არაფერია ნათქვამი შერჩევის კრიტერიუმებზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.  ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა  12 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი