ახალი ამბები

შეუსაბამობა თუ მანიპულაცია? – რა აღმოაჩინა IDFI-მ დანაშაულის სტატისტიკაში

14 დეკემბერი, 2016 • 4593
შეუსაბამობა თუ მანიპულაცია? – რა აღმოაჩინა IDFI-მ დანაშაულის სტატისტიკაში

2014 წლის 9 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომელიც გვამცნობდა, რომ 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 28 970 ერთეული დანაშაული იყო რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2012 წელთან შედარებით  დანაშაული 10 036 ერთეულით შემცირდა. 2016 წლის თებერვალში შსს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს 2012-2015 წლების ტენდენციების ამსახველ ანალიტიკურ მასალებს, სადაც უკვე მითითებულია, რომ 2013 წელს არა 28 970, არამედ 43 028 დანაშაული იყო რეგისტრირებული, რაც დაახლოებით 4 300 შემთხვევით აღემატება 2012 წლის მონაცემებს.

ორ სტატისტიკურ მონაცემს შორის არსებულ შეუსაბამობაზე მიგნება არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს ეკუთვნის, რომელმაც დღეს დანაშაულის სტატისტიკასა და მის ხელმისავწდომობაზე ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

 

შსს-ს 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული სიახლე, რომლის მიხედვით 2013 წელს დანაშაულის 10 036 ერთეული კლება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

#1 სურათი – შსს-ს 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული სიახლე, რომლის მიხედვით 2013 წელს დანაშაულის 10 036 ერთეული კლება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით © IDFI

ამონარიდი, შსს-ს ვებ-გვერდზე 2016 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებული სტატისტიკური ანგარიშიდან, რომლის მიხედვით 2013 წელს დანაშაულის 4 292 ერთეულით მატება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

#2 სურათი – ამონარიდი, შსს-ს ვებ-გვერდზე 2016 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებული სტატისტიკური ანგარიშიდან, რომლის მიხედვით 2013 წელს დანაშაულის 4 292 ერთეულით მატება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით © IDFI

#1 სურათზე მოცემული მაჩევენებლი, ანუ 28 970 დანაშაული, რომელიც შსს-ს ზემოხსენებული ნიუსის მიხედვით, 2013 წელს მოხდა, შესაძლოა, ასახავდეს მხოლოდ პოლიციის მიერ რეგისტრირებულ დანაშაულებს, ხოლო #2 სურათზე მოცემულია არა მხოლოდ შსს-ს, არამედ ყველა საგამოძიებო უწყების მიერ დაჯამებული რაოდენობა. შესაბამისად, სხვაობა, რომელიც 2013 წლის დანაშაულის სტატისტიკაზე ამ ორ მონაცემს შორის არსებობს და რომელსაც IDFI-მ მიაგნო, შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნებოდეს. ეს კითხვა დავუსვით IDFI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელ ლევან ავალიშვილს, რომელიც თავის მხრივ სხვა კითხვას სვამს: თუ ასეა, რატომ შეადარა შსს-მ თავის დროზე მხოლოდ პოლიციის [2013 წლის] აღრიცხული მონაცემები [რაც, ცხადია, უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ყველა საგამოძიებო უწყების გაერთიანებული სტატისტიკა] 2012 წლის ყველა საგამოძიებო უწყების გაერთიანებულ რიცხვს და რატომ თქვა, რომ დანაშაულის რაოდნეობა 10000 ერთეულით იყო შემცირებული?  მისი თქმით, სტატისტიკის ანალიზი მოწმობს, რომ 2012 წლის დანაშაულის მონაცემი პირველ და მეორე სურათზე იგივეა, ანუ ცვლილება მხოლოდ 2013 წლის შედეგს უკავშირდება.

თუ დავუშვებთ იმას, რომ ერთ შემთხვევაში [2014 წლის ნიუსი] საქმე გვაქვს მხოლოდ შსს-ს მონაცემების გამოქვეყნებასთან, ხოლო მეორეში [2016 წელს გამოქვეყნებული] – ყველა საგამოძიებო უწყების გაერთიანებულ სტატისტიკასთან, ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ აქ საუბარია არა იმაზე, ვიღაცამ გააყალბა თუ არა მონაცემები, არამედ საზოგადოების ინფორმირებულობაზე. მისი თქმით, ამ დაშვების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს მონაცემები ზუსტი იყოს, მაგრამ 2014 წელს დანაშაულის 10 000 ერთეულით კლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შეექმნა, რომ თითქოს ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა შემცირდა.

“რატომ შეადარეს 2014 წლის ნიუსში 2013 წლის მხოლოდ პოლიციის მონაცემები 2012 წლის ქვეყნის სრულ მონაცემებს და თქვეს, რომ 10 000-ით ნაკლებიაო?  2014-ში, როცა ეს ნიუსი გამოაქვეყნეს, ამბობდნენ, რომ 2013-ში 2012-თან შედარებით დანაშაულის რაოდენობა შემცირდაო, ხოლო როცა 2016 წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს ახალი მონაცემები, იქ გამოჩნდა, რომ 2013-ში 2012 წელთან შედარებით გაიზარდა.  არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა მეთოდოლოგიური ცვლილები შეიტანეს, ტენდენციებში განსხვავება (ანუ გაიზარდა თუ შემცირდა)  არ უნდა იყოს. სტატისტიკის  და ტენდენციების ასეთი ცვლილება უნდა განმარტოს შსს-მ”, – ამბობს ავალიშვილი.

ნეტგაზეთმა განმარტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.


 

ნეტგაზეთის სტატიას – “დანაშაულის სტატისტიკის ლაბირინთი საქართველოში”, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი