ახალი ამბები

რა შეეშალა ვახტანგ გომელაურს?

30 ნოემბერი, 2016 • 3612
რა შეეშალა ვახტანგ გომელაურს?

მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელმა უფროსმა ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა 2013 წელს მიღებული შემოსავლები, ნეტგაზეთს სუს-ის  პრესსამსახური დაუკავშირდა.

საუბარია 2014 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაზე, რომელიც  მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა შეავსო და მის 2013 წლის შემოსავლებს ასახავს. ვახტანგ გომელაურს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის განმავლობაში 84 112.34 ლარის ოდენობით შემოსავალი აქვს მიღებული.  თუმცა 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მინისტრის მოადგილეზე ამავე წელს გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის ჯამი (თანამდებობრივი სარგოს გარდა, რაც თვეში 2700 ლარს შეადგენს) 98 124 ლარია და აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს. 

ვახტან გომელაური შსს-ს მინისტრის მოადგილედ 2013 წელს დაინიშნეს, მანამდე ყოფილ პრემიერ – მინისტრ  ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო; 2015 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, შემდგომში კი,  ამავე წელს,  6 წლის ვადით სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნეს. ამიტომაც 29 ნოემბერს შსს-ს მინისტრის ყოფილი მადგილის დეკლარაციის საკითხზე “ნეტგაზეთს” სწორედ სუს-ის პრესსამსახური  დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, ვახტანგ გომელაურმა თავად აღმოაჩინა “უზუსტობა” დეკლარაციაში და საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური განცხადებით მიმართა:

“2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსების შემდეგ მალევე დეკლარაციის დათვალიერების და გადამოწმების შედეგად, ბატონმა ვახტანგმა თავად აღმოაჩინა უზუსტობა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს, ქ-ნ ეკატერინე ქარდავას მიმართა წერილობით, სადაც სთხოვა ამ უზუსტობის ჩასწორება. ეს წერილი ინახება საჯარო სამსახურის ბიუროში და ნებისმეირ მსურველს შეუძლია ის გამოითხოვოს,”- განაცხადა სუს-ის პრესსამსახურმა.

ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ მოიპოვა ეს წერილი, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ მიიღო ვახტანგ გომელაურის განცხადება, თუმცა არ ახსოვდა თარიღი და წერილის ზუსტი შინაარსი. მან განგვიცხადა, რომ ბიუროსთვის წერილობით მიგვემართა და წერილს მოგვაწოდებდნენ.

“www.dectaration.gov.ge დაწერილია იმგვარად, რომ როდესაც შეავსებს თანამდებობის პირი დეკლარაციას, 48 საათის განმავლობაში აქვს უფლება, ცვლილებები შეიტანოს შევსებულ დეკლარაციაში. როგორც კი გავა 48 საათი, ტექნიკურად შეუძლებელია, იქ რაიმე ცვლილება შევიდეს. ბატონმა გომელაურმა, როდესაც აღმოაჩინა, რომ არასწორად ჰქონდა ინფორმაცია დაფიქსირებული, გამოიჩინა კეთილი ნება, დამიკავშირდა და მე ვუთხარი, რომ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ცვლილება ვერ შევიდოდა, მაგრამ შეეძლო წერილობით წარმოედგინა იმის დაზუსტება, რაც შეეშალა. მან ასეთი დაზუსტება წარმოადგინა. ინახება ბიუროში,”- განაცხადა ნეტგაზეთთან ეკატერინე ქარდავამ.

29 ნოემბერს, შსს-ს მაღალჩინოსნების 2013 წლის პრემიების შესახებ ინფორმაციის  გავრცელების შემდეგ, ასევე ცნობილი გახდა, რომ დეკლარირებულ შემოსავალთან შეუსაბამოა შსს-ს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების: ალექსანდრე ტაბატაძის (შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვახტანგ გომელაურის მოქმედი მოადგილე), ალექსანდრე ჭიკაიძის (ყოფილი შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მოქმედი მოადგილე),  ზვიად ჯანყარაშვილის (გენინსპექციის ყოფილი უფროსი)  მიერ მიღებული პრემიები და დანამატები.

ეკატერინე ქარდავამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გომელაურის გარდა, დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობის შესახებ სხვა თანამდებობის პირებსაც აქვთ მიმართული მათთვის. მანამდე იგივე განუცხადა ნეტგაზეთს სუს-მა.

[highlight color=”green”]პრემიებზე ინფორმაციის გასაჯაროება

საჯარო ინფორმაცია, რომელიც შსს-ში 2013 წელს დარიგებულ პრემიებს ასახავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ასაიდუმლოებდა. “გაზეთმა ბათუმელებმა” და  არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI ეს ინფორმაცია ვერ მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. გაზეთი “ბათუმელები”ინფორმაციას თავდაპირველად 2013 წელს ითხოვდა. საბოლოოდ, შსს-მ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მოგვაწოდა, რაც  “ბათუმელებმა” და IDFI-მ  2016 წლის 18 ნოემბერს პროკურატურას მიმართეს.  

[highlight color= “green”]შეეშალათ თუ არა შსს-ს მაღალჩინოსნებს? – გამოძიების პოლიტიკური ნება

საიას იურისტი, სულხან სალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თანამდებობის პირების მიერ მიღებული შემოსავლების დეკლარაციაში არასრულყოფილად ასახვა აფიქრებინებს, რომ მათ ეს ინფორმაცია განზრახ გამოტოვეს:

“როგორც წესი, ანაზღაურება იქნება, პრემია, დანამატი თუ თანამდებობრივი სარგო, ხდება საბანკო ოპერაციების საშუალებით, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. უმრავლეს შემთხვევაში, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადამიანები ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებენ. დეკლარაციის შევსების დროს ჩინოვნიკს დიდი ალბათობით წინ ედო საბანკო ამონაწერი, სადაც ეწერა ყველა ჩარიცხვა. თუ ძალიან არ მოინდომებს ვინმე, თითქმის შეუძებელია, მას ასეთ შემთხვევაში რაიმე გამორჩეს,”- ამბობს სულხან სალაძე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სულხან სალაძემ განაცხადა, რომ იგი ამ საქმის სრულყოფილად გამოძიებისთვის პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს:

“თუ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებაზეა საუბარი, მაშინ იმის დადგენა, ეს იყო განზრახვა, თუ ეს იყო ჩვეულებრივი, სტანდარტული სიტუაცია და მათ რაღაცის გამო, უბრალოდ, გამორჩათ და არა განზრახვით, ეს უკვე უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ანუ პროკურატურამ. თუ პროკურატურა დაიწყებს საკითხის შესწავლას და იტყვის, რომ აქ განზრახვასთან არ გვქონდა ჩვენ საქმე, აქ შესაძლებელია, რომ შეწყვიტოს გამოძიება. მაგრამ ჯერ მთავარი კითხვაა, დაიწყება თუ არა საქმის ისეთი მსვლელობა, რომელიც რეალურად მოხსნის ამ კითხვას, რასთან გვქონდა საქმე, განზრახვასთან, თუ იყო სხვა კონკრეტული შემთხვევა,”- ამბობს სულხან სალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი