ახალი ამბები

სუს-ის უფროსმა და მისმა მოადგილემ დეკლარაციაში 2013 წელს მიღებული პრემიები არ ასახეს

29 ნოემბერი, 2016 • 2231
სუს-ის უფროსმა და მისმა მოადგილემ დეკლარაციაში 2013 წელს მიღებული პრემიები არ ასახეს

ვახტანგ გომელაურმა, რომელიც პარლამენტმა 2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით დანიშნა, ქონებრივ დეკლარაციაში 2013 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში, მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა.

2013 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ვახტანგ გომელაურს მითითებული აქვს, რომ მინისტრის მოადგილეობის დროს 84 112 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც შსს-გან მიღებული ინფორმაციით, 2013 წლის 8 თვეში (მარტ-ოქტომბერში) ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ პრემიის სახით 74 ათასი ლარი მიიღო. მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო, პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებულების თანახმად, 2 720 ლარს შეადგენს, პირველი მოადგილის – 2 950 ლარს.

“თუ გავითვალისწინებთ პრემიასთან ერთად მის მიერ მიღებულ ყოველთვიურ სარგოს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკლარირებული თანხა არ ასახავს რეალობას,”- აცხადებს IDFI.

გომელაის 2013 წლის ქონებრივი დეკლარაცია

გომელაურის 2013 წლის ქონებრივი დეკლარაცია

დეკლარაციაში ასევე არ ჩაწერა მიღებული პრემიები ვახტანგ გომელაურის ახლანდელმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემაც.

2013 წლის დეკემბერში ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ამჟამად სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილეა. შსს-დან მოწოდებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ მხოლოდ პრემიის სახით, შს მინისტრის 2013 წლის 10 თვეში ალექსანდრე ტაბატაძემ მოადგილის პოსტზე 113 500 ლარი მიიღო, ქონებრივ დეკლარაციაში კი  89 828 ლარი მიუთითა.

ალექსანდრე ტაბატაძის 2013 წლის ქონებრივი დეკლარაცია

ალექსანდრე ტაბატაძის 2013 წლის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ”ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

ნეტგაზეთმა პრიკურატურას უკვე მიმართა კითხვით, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. პროკურატურის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შსს-ში 2013 წელს გაცემულ პრემიებსა და დანამატებზე “გაზეთი ბათუმელები” ინფორმაციას უკვე სამი წელია ითხოვს.  მას შემდეგ, რაც შსს-დან უარი მიიღო, “გაზეთმა ბათუმელებმა” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მიმართა სასამართლოს. სამივე ინსტანციის სასამართლოს მოგების მიუხედავად, შსს-მ ინფორმაცია სრულყოფილი სახით მაინც არ მოგვაწოდა. 2016 წლის 18 ნოემბერს საიამ, გაზეთ “ბათუმელების” სახელით, შსს-ს წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. საიამ განცხადება შეიტანა IDFI-თან ერთად, რომლებიც ასევე შსს-სგან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.

პროკურატურისთვის მიმართვის შემდეგ შსს-დან ეს მონაცემები IDFI-მ გუშინ, 28 ნოემბერს მიიღო, “გაზეთ ბათუმელებს” კი ამ დრომდე არ მიუღიათ. შესაბამისად, ნეტგაზეთის მასალა პრემიების შესახებ ეფუძნება IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორივე ორგანიზაციას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ერთდროულად გაეგზავნათ.

IDFI აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის მაინც არ მიუწოდებია სრულყოფილი ინფორმაცია. კერძოდ, შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან – ოქტომბრის ჩათვლით და არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, IDFI-ის განცხადებით, მიუხედავად მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი