ახალი ამბები

სააკაშვილის პასუხი პოროშენკოს: მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი

8 ნოემბერი, 2016 • 1753
სააკაშვილის პასუხი პოროშენკოს: მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი

“ინტერფაქს-უკრაინის” ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პორიშენკოს განცხადებით, უკრაინის მთავრობა მხარს უჭერს ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. პოროშენკოს განცხადებით, ის მშვიდად შეხვდა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციას შეუერთდა.

“ზოგიერთი მათგანი [ქართველი პოლიტიკოსები] აგრძელებს ხელისუფლებაში საქმიანობას, მაგალითად, უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, გიზო უგლავა ანტიკორუფციულ ბიუროში და ბევრი სხვა. ზოგიერთმა გადაწყვიტა შეეცვალა სამოქმედო სფერო და ჩართულიყო უკრაინის პოლიტიკურ მოვლენებში მას შემდეგ, რაც საქართველოში არჩევნები წააგეს,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა გადადგომის შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება იმ კორუფციის გამო მიიღო, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაშია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა პოროშენკოს განცხადებას ფეისბუკ გვერდზე:

“პრეზიდენმა პოროშენკომ ძალიან კარგად იცის, რომ მე პირდაპირი მონაწილეობა საქართველოში არჩევნებში არ მიმიღია და არ შემეძლო, სურვილიც რომ მქონოდა, რადგან უკარაინის მოქალაქე ვარ. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა “მიწვეულ” ქართველებთან ძალიან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ძალიან ჰგავს ავაკოვის და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდებს და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ამ რიტორიკაზე მაღლა იდგეს.

მე უკრაინაში დაახლოებით იმავე დროს ჩამოვედი, როდესაც პეტრო პოროშენკო – ის მოლდოვიდანაა, მე- საქართველოდან- და, ცხადია, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭა… ამგვარად, ყველას მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გამარჯვებას ან დამარცხებას მოვიპოვებ არა საქართველოში, არამედ უკრაინაში,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი