ღვთისმშობლის მიძინების ფრესკა ვარძიის ტაძრის კედელზე ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ. ფოტო: თამარ ამაშუკელი

გადარჩება თუ არა ვარძიის ფრესკები – რესტავრატორის თქმით, ვითარება უმძიმესია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძრის გამო დაზიანებულმა ფრესკებმა გაწმენის შედეგად შესაძლებალია ხანძრამდელი სახე დაიბრუნონ, თუმცა გადაჭრით გაწმენდითი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი თავად ადგილზე მომუშავე რესტავრატორებს უჭირთ.

ფრესკების აღდგენითი სამუშაოები

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი 1 ნოემბერს სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ მათ მიერ ჩატარებული ანალიზი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვარძიის კედლის მხატვრობის გადარჩენითი ღონისძიებები წარმატებით დასრულდება. სააგენტომ თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა და ტაძარში ახლა დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი მუშაობს. პირველი ეტაპის დასრულებას ისინი ნოემბრის ბოლომდე ვარაუდობენ.

სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით კულტურული ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა უმძიმესია, თუმცა იმედს იტოვებს, რომ გასული 4-5 წლის განმავლობაში ლონდონის უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით შერჩეული მეთოდოლოგია და აღსადგენი მასალები შედეგს გამოიღებს.

“ამ ეტაპზე ძალიან არასერიოზული იქნება ვთქვა, რომ ან არაფერი ეშველება, ან ყველაფერი ისევ ისე იქნება. ამას გადაჭრით ვერავინ იტყვის. რაც შეეხება პირველად შეფასება – ვითარება არის უმძიმესი. ვიზუალურადაც, სანახავადაც უმძიმესია. არის ბევრი პროცესი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ჭვარტლის არსებობამ; ძალიან ბევრი ქიმიური პროცესი მიდის, რომელიც ძალიან ცუდ შედეგს მოგვცემს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ოპერატიული სამუშაოების დახმარებით, სანამ ჭვარტლი ჩაჯდება ფრესკებში, მანამდე მოიხსნება ეს ფენა. ბევრია პრობლემატური ადგილი – ანუ როდესაც მხატვრობის თხელ ფენაზე საღებავი მოცილებულია კედელს და ჰაერში კიდია. ამ საღებავიდან კიდევ ჭვარტლს ვეღარ მოაცილებ იმიტომ, რომ ჭვარტლის ფენას საღებავიც ჩამოჰყვება,” – ამბობს ნანა კუპრაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

ვარძიის დაზიანებული ფრესკის სატესტოდ გასუფთავებული ფრაგმენტი. ფოტო: ნანა კუპრაშვილი 03.11.16

ვარძიის დაზიანებული ფრესკის სატესტოდ გასუფთავებული ფრაგმენტი. ფოტო: ნანა კუპრაშვილი 03.11.16

გასუფთავებითი სამუშაოების პირველი ეტაპი მანამდე უნდა მოესწროს, სანამ ტემპერატურა დაიკლებს, რადგან როგორც კუპრაშვილი ამბობს, დაზამთრებასთან ერთად, შეიცვლება ადგილზე ტენიანობაც. ჭვარტლი კი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და პირდაპირ შედის ნესტიან გარემოსთან რეაქციაში. წყლის გამოყენების გარეშე დაზიანებული ყველა წერტილი ისე უნდა გაასუფთაონ, რომ ჭვარტლის ნაწილაკები ჰაერშიც კი არ დარჩეს. მისი შეფასებით, სხვა შემთხვევაში სამუშაოების ჩატარება აზრს კარგავს.

რესტავრატორის თქმით, პარაფინის წვისაგან გამოწვეული დაზიანებები და მსგავსი სახის ჭვარტლი თითქმის ყველა ტაძარსა და ეკლესიაში გვხვდება, თუმცა მათი ნეტაგიური ეფექტი ადვილი შესამჩნევი არ არის:

“ამ ტიპის დაზიანება ხშირია. ეს ახლა ხანძარი იყო და სწრაფი და დიდი მასშტაბის დაზიანება გამოიწვია. პატარა ეკლესიებიც რომ ავიღოთ, სადაც მთელი დღე ხრჩოლავს პარაფინის სანთლები, იქ ამ წვას უარესი ეფექტი აქვს. ის ნელ-ნელა შედის და ჯდება ფრესკებში და საფუძვლიანად აზიანებს მას,” – ამბობს კუპრაშვილი.

საპატრიარქო: მოხდა ასეთი რამ და რა ვქნათ, ხომ არ დავაპატიმრებთ ამ ადამიანებს

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედია და გამოძიების ინფორმაციით, ტაძარში ხანძარი ერთ-ერთი სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა. წვა დაკეტილ ტაძარში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ სასულირო პირებმა მომხდარის შესახებ არ შეიტყეს.

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო სახელმწიფოსთან ერთად მსჯელობას იწყებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გაუმჯობესებული ტექნიკური მექანიზმების შესამუშავებლად, რათა მომავალში თავიდან აიცილონ მსგავსი პრეცედენტები. ბოტკოველის თქმით, ტაძრებში მცხოვრები სასულიერო პირები, მორჩილები უვლიან ძეგლებს და ვარძიაში მომხდარი ფაქტი ერთეული შემთხვევაა:

“როგორ შეიძლება სასულიერო პირი მსახურობდეს ტაძარში და არ უფრთხილდებოდეს იქ არსებულ ინვენტარს და, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელობის ფრესკებს? მოხდა ასეთი რამ და რა ვქნათ, ხომ არ დავაპატიმრებთ ამ ადამიანებს, ძალით ხომ არ გაუკეთებიათ? ჩვენც გვტკივა და ადგილობრივ სამღვდელოებასაც. ახლა რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? უნდა ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი, რამდენადაც შესაძლებელია. შეიძლება, რომ ღვთისმსახურს არ სტკიოდეს, როდესაც ძეგლი ზიანდება? სადაც არაფერი არ არის, იქ არც არაფერი ფუჭდება. მოხდა ასეთი პრეცედენტი და ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ. ახლაც ვსაუბრობთ სახელმწიფოსთან, რომ რაღაც მექანიზმები შევქმნათ. თუნდაც იქ რომ ყოფილიყო სასიგნალო დანადგარი, რომელიც კვამლის გაჩენის შემდეგ სიგნალს გამოსცემდა, ამ შედეგამდე არ მივიდოდით. ამიტომ ასეთ საკითხებში სახელმწიფოსთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ და სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები, რომ სხვაგან აღარ მოხდეს მსგავსი პრეცედენტი და კიდევ რაიმე არ დაზიანდეს. თორემ ჩვენ მაქსიმალურად ვიჩენთ სიფრთხილეს; მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასეთი სიფრთხილის გამოჩენა ვერ ხერხდება. ადამიანები ვართ და ადამიანური სისუსტეები ყველას ახასიათებს,” – ამბობს ბოტკოველი.

მიქაელ ბოტკოველი მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საპატრიარქო რესტავრაციის პროცესში ფინანსურად იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ამისი საჭიროება გამოიკვეთება.

“ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად გავივლით ამ საკითხს და თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ ჩავერთოთ და აღმოვუჩინოთ დახმარება იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც იქ მოხდა.” – ამბობს ბოტკოველი.

შსს გამოძიებას ნივთის დაზიანების მუხლით აგრძელებს

ვარძიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფრესკების დაზიანების ფაქტზე შსს-ს საქმეს სსკ-ის 188-3 მუხლით, სხვისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუხლით იძიებს, რაც ისჯება ჯარიმით ან ორი წლით გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების შეზღუდვით ორიდან სამ წლამდე. შსს-ში ვერ გვპასუხობენ, რატომ არ გადაკვალიფიცირდა საქმე და რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რაც კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამის შესახებ, სავარაუდოდ, პროკურატურა იმსჯელებს, თუმცა პროკურატურაში საქმის მასალები ჯერ არ ჩაუბარებიათ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბოლო რამდენიმე წელია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. ამ ეტაპზე ტაძრის მხატვრობის ასეთი მასშტაბური რესტავრაცია არ იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ანთიძე ამბობს, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ფრესკების კონსერვაციის პროცესი დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი