ახალი ამბებიხელოვნება

ნიკოლოზ ანთიძე: ვარძიაში ფრესკას ხანძრამდელი სახე დაუბრუნდება

4 ნოემბერი, 2016 • 2025
ნიკოლოზ ანთიძე: ვარძიაში ფრესკას ხანძრამდელი სახე დაუბრუნდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკის შესწავლა სპეციალისტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო. სააგენტოში აცხადებენ, რომ ფრესკა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და ძირეული რესტავრაციის შემდეგ დაკონსერვდება.

ხანძარი ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ნაწილობრივ ჭვარტლით დაიფარა. როგორც ანთიძე ამბობს, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, 5 ნოემბრიდან ადგილზე კიდევ რამდენიმე ექსპერტი ჩავა, გაფართოვდება ხარაჩოები და დაიწყება გასუფთავების სამუშაოები.

“ძეგლი გადარჩა და გაწმენდას დაექვემდებარება. რა თქმა უნდა, ფრესკას ხანძრამდელი სახე დაუბრუნდება. რთულია, რადგან მეთორმეტე საუკუნის მხატვრობასთან გვაქვს საქმე და ყველაფერი საიუველირო საქმის დონეზეა გასაკეთებალი და შეუძლებელია, რომ უბრალოდ ბამბა დაიჭირო და გაწმინდო,” – ამბობს ანთიძე.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ მათ მიერ ჩატარებული ანალიზი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვარძიის კედლის მხატვრობის გადარჩენითი ღონისძიებები წარმატებით დასრულდება და ვარძიის ფრესკებს დაუბრუნდება პირვანდელი მდგომარეობა

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ძეგლის რესტავრაციის შემდეგ დაიწყება ფართომასშტაბიანი კონსერვაციის პროგრამა, რათა სამომავლოდ ფრესკას საფრთხე აღარ შეექმნას.

ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმე აღძრულია სსკ-ის 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. თუმცა ამ დროისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებსთვის დროებით შეზღუდულია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანასკნელი წლებია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევები და სამუშაოები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი XII საუკუნის ფრესკების საკონსერვაციო მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი