ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები საქმიანობას დღეიდან შეუდგებიან

2 ოქტომბერი, 2016 • 2059
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები საქმიანობას დღეიდან შეუდგებიან

დღეს,  2 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ახლად განმწესებული მოსამართლეების: ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონიალი.

კანონმდებლობის თანახამდ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ამოეწურა. მათგან ორის – კონსტანტინე ვარძელაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის შემცვლელები  ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე პრეზიდენტმა საკუთარი კვოტით უკვე დანიშნა.

უზენაესი სასამართლოს კვოტით დანიშნული ოთარ სიჭინავას შემცვლელად 20 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ თეიმურაზ ტუღუში აირჩია. პარლამენტის მიერ დანიშნული ქეთევან ერემაძის შემცვლელი – საქართველოს პარლამენტს ამ დრომდე არ აუჩევია.

ირინა იმერლიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განმწესებამდე იკავებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას. 2012 – 2013წწ. იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2000-2003 წწ გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

გიორგი კვერენჩხილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას. 2004-2007 წწ. იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის უფროსი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; გიორგი კვერენჩხილაძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის სრული პროფესორი.

თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს წევრად განმწესებამდე, 2006 წლიდან  დღემდე მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2014 წლიდან იკავებდა ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. თეიმურაზ ტუღუში სხვადასხვა წლებში გახლდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში, ასევე ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა თბილისის საგადასახადო ინსპექციისა  და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი