ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ

7 სექტემბერი, 2016 • 2613
საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო  და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, “იმედისთვის”, “მესტროსა” და “GDS”-ისთვის ეგზიტპოლს 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” ჩაატარებს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს მიიღო.

დღეს, 7 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი -200 ათასი ლარი.

“დანარჩენ თანხას ეს სამი კომპანია გადაიხდის.  ველზე სამუშაოებს კომპანია გორბი ჩაატარებს,” – ამბობს გიორგი ბარათაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიდან გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ეგზიტპოლს კომპანია GFK ჩაატარებს. როგორც ნეტგაზეთს “რუსთავი2”-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  უთხრა, GFK ეგზიტპოლს თბილისის გარდა 5 ქალაქში (ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში) და 5 რეგიონში (კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში (ზემო სვანეთის გამოკლებით) და აჭარაში) ჩაატარებს. ჯამში კი, ტელეკომპანიას 12 მონაცემი ექნება 5 ქალაქში, 5 რეგიონში, თბილისსა და მთელ ქვეყანაში.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, რუსთავი2-ს რეპრეზენტატული გამოკვლევა უნდა, ამიტომაც არ ერევა კვლევის ჩატარების პროცესში:

“ტექნიკურად როგორ ატარებენ, ჩვენთვის უცნობია. ისინი [GFK] თვითონ ჩამოდიან, პრეზენტაციას აკეთებენ და მეთოდოლოგიას განმარტავენ მედიისთვის. ამ წუთისთვის დაკონტრაქტებული გვაქვს შედეგი. შედეგია ჩვენთვის საინტერესო. აბსოლუტურად შეგნებულად და ხაზგასმულად ვამბობ ხოლმე, ჩვენ არ ვერევით ამ საკითხში იმიტომ, რომ ჩარევა მიგვაჩნია საეჭვოდ და პრობლემურად. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს GFK–ის ამერიკულ ოფისთან, ის ატარებს ყველა სამუშაობს, მათ შორის საველესაც. ვინ არის მისი დაქირავებული აგენტი საქართველოში, ერთია თუ ბევრია, ა.შ, – ამ საკითხზე შეთანხმებულები ვართ, რომ არ ჩავერევით, ამ შეთანხმებას ვიცავთ და ძალიან გვაწყობს, რადგან არ გვინდა, რომ ეს იყოს სალაპარაკო”, – ამბობს გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი