ახალი ამბები

რა გავლენას იქონიებს ახალი მაჟორიტარული სისტემა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე – CRRC-ის კვლევა

20 აგვისტო, 2016 • 4466
რა გავლენას იქონიებს ახალი მაჟორიტარული სისტემა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე – CRRC-ის კვლევა

თუკი 2012 წლის საპარლამენტო არჩვენები ახალი მაჟორიტარიული სისტემით ჩატარდებოდა, “ქართული ოცნება” პარლამენტში 9 მაჟორიტარით მეტის შეყვანას შეძლებდა – ეს CRRC-საქართველოს კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა.

ორგანიზაცია ასევე შეეცადა პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ რა ლოგიკით გაერთანდა და დაიყო მაჟორიტარული ოლქები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

CRRC-იმ ანგარიში პროექტის “არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით” ფარგლებში მოამზადა. პროექტს საქართველოში აშშ-ის საელჩო აფინანსებს. CRRC-იმ ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში 19 აგვისტოს გამართა.

როდის და რატომ შეიცვალა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები

2015 წლის მაისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის აქამდე არსებული წესი.

მოსარჩელეების (უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის) მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და პარლამენტი დაავალდებულა, უზრუნველეყო ამომრჩეველთა თანაბარი მონაწილეობა საარჩევნო კოდექსში ისე, რომ დაცული ყოფილიყო ხმათა თანაბრობის პრინციპი.

2015 წლის ბოლოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, თბილისი 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარულ ოლქად უნდა დაყოფილიყო, თუმცა, საბოლოო ვერსიაში საზღვრები სხვაგვარად გადანაწილდა და თბილისში 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნა.

როგორ იმოქმედებს ახალი მაჟორიტარული სისტემა აჩევნების შედეგებზე?

“წინასაარჩევნო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა პარლამენტში და ბევრ ამომრჩეველს არ გადაუწყვეტია,  ვის აირჩევს. შესაბამისად, ასეთი ტიპის არჩევნებში უმრავლესობის მოსაპოვებლად მაჟორიტარულ არჩევნებს აქვს უდიდესი როლი,”- ამბობს CRRC საქართველოს უფროსი მკვლევარი, დავით სიჭინავა, რომელიც წარმოდგენილი კვლევის თანაავტორია.

კარგ მაგალითად, თუ როგორ შიძლება მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, დავით სიჭინავა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ პროპორციულ არჩევნებში მოაგროვა ხმების 59%, თუმცა მაჟორიტარების ხარჯზე მათ ოთხის გარდა ყველა ოლქი მოიგეს, დაუგროვდათ მანდატების 80%, ანუ საკონტიტუციო უმრავლესობაზე მეტი,”- ამბობს სიჭინავა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ პარლამენტში 41 მაჟორიტარის გაყვანა შეძლო. CRRC-იმ 2012 წლის მაჟორიტარული ოლქების მონაცემები გადაითვალა ახალი მაჟორიტარული დაყოფის წესის შესაბამისად და განსხვავებული შედეგები მიიღო. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, 2012 წელს მაჟორიტარული არჩევნები ახალი სისტემით რომ ჩატარებულიყო, “ქართული ოცნება” პარლამენტში 9 მაჟორიტარით მეტის შეყვანას შეძლებდა.

CRRC-ის კლევა - როგორ გადანაწილდებოდა მაჟორიტარული მანდატები 2012 წლის არჩევნებში, თუკი მას 2016 წლისთვის გათვალისწინებული მაჟორიტარული სისტემით ჩაატარებდნენ?

CRRC-ის კლევა – როგორ გადანაწილდებოდა მაჟორიტარული მანდატები 2012 წლის არჩევნებში, თუკი მას 2016 წლისთვის გათვალისწინებული მაჟორიტარული სისტემით ჩაატარებდნენ?

დავით სიჭინავა ასევე საუბრობს ჰიპოთეზაზეც, რომ მმართველ პარტიას მეტი საფუძველი ჰქონდა, გაემსხვილებინა ის ოლქები, სადაც 2012 წლის არჩევნებში ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა. მისივე თქმით, ამ პრინციპს ე.წ. “ჯერიმენდერინგი” ეწოდება.

“ჯერიმენდერინგი” გულისხმობს იმ ოლქების უფრო მცირე ნაწილებად დაყოფას, სადაც კონკრეტული პარტიის მეტი მხარდამჭერი ცხოვრობს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ამ პარტიას უფრო მეტი მანდატის მიღების საშუალება აქვს. შესაბამისად, მსხვილდება და ერთმანდატიანი ხდება ის საარჩევნო ოლქები, სადაც გამარჯვების შანსი შედარებით ნაკლებია ხელისუფლებაში არსებული პარტიისთვის.

“ჩვენ პირდაპირ არ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ყველა შემთხვევაში ასე მოხდა, თუმცა ინტერესს იწვევს რამდენიმე შემთხვევა,”- ამბობს CRRC-ის უფროსი მკვლევარი.

მაგალითად, სიჭინავა საუბრობს ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქებზე, რომლებიც, მისი თქმით, თავდაპირველი ვერსიით უნდა გამსხვილებულიყო და გათანაბრებულიყო სამტრედიის ოლქის ხარჯზე. თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ სამტრედია ცალკე დარჩებოდა, ვანი და ხონი კი ერთად დაჯგუფდებოდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ხონის ოლქი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, დავით ჭავჭანიძემ მოიგო. ვანში ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პაატა ლეჟავამ გაიმარჯვა. სამტრედიაში – “ქართული ოცნების” წევრმა კახა კალაძემ. 2016 წლის არჩევნებზე ვანს და ხონს #54 სააარჩევნო ოლქს ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. სამტრედიის #55 ოლქს კი კვლავ ერთი მაჟორიტარი ეყოლება.

ასევე, გაერთიანდა ნინოწმინდის და ახალქალაქის ოლქებიც. 2012 წელს ახალქალაქში დიდი უპირატესობით მოიგო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა სამველ პეტროსიანმა, ხოლო ნინოწმინდაში ასევე დიდი უპირატესობით – ნაციონალური მოძრაობის წევრმა ენზელ მკოიანმა.

დავით სიჭინავას თქმით, ოლქების საზღვრების დაზუსტება სხვა ქვეყნებშიც ხდება ხოლმე და ეს იქაც იწვევს დისკუსიას:

“გათანაბრება პირველ რიგში იმ ოლქებს სჭირდებოდა, სადაც ქართული ოცნება მაინც იგებდა. კერძოდ, თბილისში და მსხვილ ქალაქებში.  შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური მიზნების გარეშე, სწორედ ისინი უნდა გაყოფილიყვნენ და, შესაბამისად, პროექტის ავტორებმა ეს გააკეთეს. მეორეც, არის ის, რომ საარჩევნო საზღვრების გაყოფა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, რაც მოსახლეობის ყოველი შემდგომი აღწერის შემდეგ ხდება ხოლმე. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს დისკუსიის საგანია იქაც,”- განაცხადა მან.

რას გეგმავს CRRC მომავალ არჩევნებზე?

CRRC გეგმავს, პროექტის ფარგლებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების სტატისტიკური ანალიზი გააკეთოს და მათემატიკური მეთოდებით დაადგინოს, მოხდა თუ არა საეჭვო შემთხვევები ამა თუ იმ უბანზე.

მაგალითად, ორგანიზაცია დაითვლის არჩევნების დღეს, 17:00 საათის შემდეგ 1 წუთში გასული ამომრჩევლების რაოდენობას, ანუ, დაითვლიან, 17:00-დან 20:00 საათამდე 1 წუთში უბანზე საშუალოდ რამდენი ამომრჩეველი მივიდა. თუკი ეს ციფრი მაღალი იქნება, მაგალითად, 5-7 ამომრჩეველი, ეს უკვე ეჭვის საფუძველს შექმნის.

ასევე, ორგნიზაცია ერთმანეთს ადარებს უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობას იმ პარტიების მიერ მიღებულ ხმებს + ბათილი ბიულეტენების რაოდენობას. დავით სიჭინავას თქმით, წესით, ეს რაოდენობა ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. მაგრამ 2012 წლის არჩევნებზე, დავით სიჭინავას თქმით, უბნების 1/4-ზე ეს მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მისივე თქმით,  თუკი ბიულეტენების რაოდენობა ხოლმოწერების რაოდენობაზე ნაკლებია, ამას კანონი არ კრძალავს, თუმცა ამან შეიძლება ეჭვები გააჩინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი