ახალი ამბები

როგორ შეიცვლება მაჟორიტარული ოლქების საზღვრები – უმრავლესობის ინიციატივა

30 ნოემბერი, 2015 • 1458
როგორ შეიცვლება მაჟორიტარული ოლქების საზღვრები – უმრავლესობის ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულია საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც, უმრავლესობის მტკიცებით, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, როდესაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თბილისში, სადაც რეგისტრირებულია 952 146 ამომრჩეველი, ნაცვალდ დღეს არსებული 10 მაჟორიტარული ოლქისა, შეიქნება 18 ოლქი. ქუთაისში, არსებული ერთი მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, იქმნება სამი ოლქი. ანალოგიურად, ერთი ნაცვლად სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება ბათუმში. ერთის ნაცვლად 2 მანდატიანი ოლქი იქმნება რუსთავში.

მთლიანობაში, თბილისის გარდა დღეს არსებული 63 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად იქნება 42 ოლქი, რაც განპირობებულია ზოგი ოლქის გაერთიანებით. მაგალითად, პროექტის მიხედვით, ხარაგაულის ოლქი უერთდება ბაღდათის ოლქს და ზესტაფონის რამდენიმე სოფელს და ამგვარად, იქმნება ერთმანდატიანი ოლქი.

საპარლამენტო ოპოზიცია ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ტყუის, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს:

“ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის  მთავარ არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნევა. ანუ, ის, რომ ოლქებში ამომრჩეველთა შორის არათანაბრობაა.  ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან საკონსტიტუცი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ ოლქებს შორის განსხვავება ძირითადად 10% და გამონაკლის შემთხვევაში 15% უნდა იყოს.  წარმოდგენილი კანონპრეოქტით, რომელიც დღეს იქნა ინიცირებული, განსხვავება 805-საც აჭარბებს”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის თქმით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ალოგიკურია და ამან შესაძლოა რაიონები ერთმანეთს დაუპირისპიროს:

„ეს ცვლილებები არის არამხოლოდ მავნებლური, არამედ ხიფათის შემცველი გადაწყვეტილება. მავნებლურია იმ თვალსაზრისით, რომ ერთ საარჩევნო ოლქში გაერთიანებულია ისეთი რაიონები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ. მაგალითად, ბაღდათი და ხარაგაული. დამაბნეველია იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ორი რაიონის ფარგლებში გაერთიანებულია მესამე რაიონის სოფლები და ადამიანები უბრალოდ დაიბნევიან ვინ არის მათი გამგებელი, დეპუტატი. ერთსადაიმავე ოლქს სხვადსხვა დეპუტატი ეყოლებათ და ა.შ. და რაც ყველაზე სახიფათოა, ამ კოდექსმა შესაძლოა რაიონების ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს”.

“რეფორმის თვალსაზარისით ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი,” – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ვახტანგ აბაშიძე. მისი თქმით, საქართველოს რაიონების ასეთი “დაჩეხვა”, რასაც გვთავაზობს წარმოდგენილი ინიციატივა, დაძაბულ ვითარებას შექმნის წინასაარჩევნოდ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტი ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება: “აიღეთ კანონპროექტი, წაიკითხეთ, ნახეთ, გააკეთეთ თქვენი დასკვნები, შეესაბამება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ ნახავთ, რომ არ შეესაბამება, გვითხარით”.
საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამომრჩეველთა თანაბარი მონაწილეობა საარჩევნო კოდექსში ისე, რომ დაცული იყოს ხმათა თანაბრობის პრინციპი და კონკრეტულმა კანონმა არ უგულვებელყოს ამომრჩეველთა გავლენა საარჩევნო პროცესზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

50772

მასალების გადაბეჭდვის წესი