ახალი ამბები

სუს შს სამინისტროს მიმართავს, კახეთში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება არ დაუშვას

3 აგვისტო, 2016 • 2007
სუს შს სამინისტროს მიმართავს, კახეთში კომუნისტური  სიმბოლიკის გამოყენება  არ დაუშვას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა კომისიამ, წერილობით  მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით,  სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა:

“კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე,  უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები,” – აღნიშნულია სუს-ის გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა 27 ივლისს ბათუმში გაიმართა. ყრილობაზე  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სიმბოლიკა იყო წარმოდგენილი. “სოციალისტური საქართველოს” მომდევნო ყრილობა 4 აგვისტოს, თელავში გაიამრთება.

სოციალისტური საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი