ახალი ამბები

არასრულწლოვნის გააუპატიურების საქმეზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია

1 აგვისტო, 2016 • 2126
არასრულწლოვნის გააუპატიურების საქმეზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ცნობით, 3 კვირის წინ ქვემო ქართლში ფეხმძიმე არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ქვემო ქართლში სამართალდამცველი ორგანოების გულგრილობითა და არაეფექტური რეაგირებით დანაშაულზე, რომელიც მოიცავს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას,” -აღნიშნულია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მიმართა ქვემო ქართლში მცხოვრები 16 წლის გოგონას მშობლებმა. მათი ინფორმაციით, 8 ივლისს, არასრულწლოვანი ორსული გოგონა წინასწარი შეცნობით ძალადობით გააუპატიურა ქმრის ნათესავმა, 47 წლის მამაკაცმა.

დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. დაიკითხა პირი, რომელმაც დანაშაული აღიარა. ოჯახის ინფორმაციით საგამოძიებო უწყების მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, დაჩქარებული წესით დასკვნის მომზადების მოთხოვნით, მაგრამ ექპერტიზის დასკვნა დღემდე არ არის საგამოძიებო უწყებაში წარდგენილი.

“მიუხედავად, იმისა, რომ შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს,” -აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რეაგირების მიზნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის ეფექტური და დროული გამოძიების წარმოების მიზნით. ორგანიზაციამ, ასევე, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში მოამზადოს ექსპერტიზის დასკვნა.

შს სამინისტროში  ადასტურებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს გაუპატიურების საქმეზე, თუმცა “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” არ ამბობენ მსხვერპლი იყო თუ არა ფეხმძიმედ. მათივე განმარტებით, ჯერ არავინ დაუკავებიათ:

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები და ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული შემდგომი ღონისძიებები გატარდება. ჯერ არავინ არის ბრალდებული. ჩვენ დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება” – ამბობს მზია წიტაიშვილი, სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პიარ-მენეჯერი, სოფო დვალიშვილი აცხადებს, რომ მათ  ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით 11 ივლისს მიმართეს. დვალიშვილის განმარტებით, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა:

“მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, კომპლექსურ ექსპერტიზაში ოთხი დეპარტამენტია ჩართული.  ექსპერტიზის ჩატარება და პასუხის გაცემა არ დაგვიგვიანებია. კომპლექსური ექსპერტიზის დროს ახალი რაღაც შეიძლება გამოჩნდეს, ან კიდევ რაღაც დეპარტამენტი დაემატოს, გამორიცხული არაფერი არის. ჩვენ პასუხი არ დაგვიგვიანებია,” – ამბობს დავალიშვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი