ახალი ამბებიეკონომიკა

ხელისუფლებამ ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

17 ივნისი, 2016 • 1946
ხელისუფლებამ ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

ხელისუფლებამ ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი – სტარტაპ საქართველო დაიწყო. სტარტაპ საქართველოსგან თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე, ხოლო განმცხადებლის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის სულ მცირე 10%–ს.

პროგრამის პრეზენტაცია 17 ივნისს ტექნოპარკში გაიმართა. განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება:

“გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით – ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთ მთლიანად აქ არსებული ინფრასტრუქტურა; აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი განმარტებით თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.

„სტარტაპ საქართველო” სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) პროგრამის განხორციელებას. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით. პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.

სტარტაპ საქართველო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი