ახალი ამბები

მმკ უჩა ნანუაშვილს “ანტისახელმწიფოებრივ” საქმიანობაში ადანაშაულებს და მის გადაგომას მოითხოვს

19 აპრილი, 2016 • 3520
მმკ უჩა ნანუაშვილს “ანტისახელმწიფოებრივ” საქმიანობაში ადანაშაულებს და მის გადაგომას მოითხოვს

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა დღეს, 19 აპრილს სახალხო დამცველის ოფისთან უჩა ნანუაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა და პარაკლისი გადაიხადა.

აქციის მონაწილეები საუბრობდნენ, რომ სახალხო დამცველი მართლმადიდებლებს დისკრიმინაციულად ექცევა და მხოლოდ “უმცირესობების” უფლებებს იცავს. მათივე განცხადებით, უჩა ნანუაშვილი მხოლოდ იმ ადამაინებს ექომაგება, რომლებიც “ლახავენ მოსახლეობის ძირითად უფლებებს: როგორიცაა ჩვენი რელგიური გრძნობები, ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები, ჩვენი მოზარდი თაობის ზნეობრიობა”.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, პაატა ბელთაძე ამბობს, რომ სახალხო დამცვლი ობიექტურობის პრინციპით ხელმძღვანელობს.

“ყველა რელიგიური გაერთიანების თავისუფლების პრინციპი არის უნიშვნელოვანესი ამოსავალი და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება ნებისმიერი შეფასება სახალხო დამცველის მხრიდან,”- ამბობს პაატა ბელთაძე.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ  ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებითაც, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლებში უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი.

პაატა ბელთაძე  განმარტავს, რომ ომბუდსმენი კანონის აღსრულებას მოითხოვს:

“აქ საუბარი არის, რომ სახალხო დამცველი ითხოვს საქართველოს სახელმწიფოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ მთავარი პრინციპების აღსრულებას და სახელმწიფოს გაცხადებული ნების, რომლის ამოსავალი პრინციპი არის სწორედ ის, რომ სკოლა, როგორც საჯარო სივრცე, იყოს დამოუკიდებელი ნებისმიერი გაერთიანებებისგან. სახალხო დამცველის რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით მდგომარეობს შემდეგში: მოუწოდებს განათლების სამინისტროს, შექმნას კონკრეტული გეგმა, სხვა არასამთავრობოების, სახალო დამცველის, დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს სკოლაში, როგორც საჯარო სივრცეში, მაქსიმალური დამოუკიდებლობა და რეალურად ყველა კონფესიის ბავშვს მიეცეს მისი რელიგიური თავისუფლების პრინციპების განუხრელი განხორციელების უფლება,”- ამბობს ბელთაძე.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი 1995 წლიდან არსებობს. ის იმ ტრადიციების შენარჩუნებისთის იბრძვის, რომელიც, მათივე განცხადებით, მართლმადიდებლობას ეფუძნება. საფრთხე, რომელიც კავშირის წევრების აზრით ამ რელიგიას დღეს ემუქრება, დასავლური ღირებულები, გლობალიზმია. საბოლოო ჯამში კი, მიზანი „ბოლო ჟამისთვის“ მზადება და „ანტიქრისტეში გაერთიანებული გლობალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა“.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა გასულ წლებში მონაწილეობა მიიღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (17 მაისის) აღსანიშნავად გამართულ კონტრაქციებში. ისინი აპროტესტებდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას, 2016 წლის დასაწყისში კი  საჯარო სკოლებთან საგან “მე და საზოგადოებას” საწინააღმდეგო ბიულეტენებს ავრცელებდნენ.

მართლმადიდებელ მშობელთა აქცია სახალხო დამცველის ოფისთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 19.04.2016

მართლმადიდებელ მშობელთა აქცია სახალხო დამცველის ოფისთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 19.04.2016

მართლმადიდებელ მშობელთა აქცია სახალხო დამცველის ოფისთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 19.04.2016

მართლმადიდებელ მშობელთა აქცია სახალხო დამცველის ოფისთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 19.04.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი