ახალი ამბები

პარლამენტის სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა

30 მარტი, 2016 • 1798
პარლამენტის სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა

პარლამენტში ზედიზედ სამჯერ კვორუმი არ შედგა, რის გამოც პლენარული სხდომა ჩაიშალა. სხდომა 1 აპრილს, 12 საათზე ჩატარდება.

“პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე უფლებემოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში  მიიღოს გადაწყვეტილება ჩაშლის თაობაზე. ვინაიდან დღის პირველ ნახევარში არ შედგა კვორუმი, მოსალოდნელი არ არის დეპუტატების რაოდენობის გაზრდა,”- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე მტკიებით, “ქართული ოცნების” დეპუტატები სხდომას საპატიო მიზეზის გამო არ ესწრებიან:

“ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. დეპუტატების ნაწილი ამ დელეგაციებთან შეხვედრის გამო არ არის ქუთაისში. ცოტა ხნის წინ დეპუტატების ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდნენ ქუთაისში, მკურნალობას აგრძელებენ და არ არიან. რამდენიმე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება, ეს არის დადასტურებული. ”

მესამე ჯერზე რეგისტრაცია 54-მა დეპუტატმა გაიარა, სხდომის გასახსნელად კი 76 დეპუტატი იყო საჭირო. პირველ და მეორე ჯერზე რეგისტრაცია 68 და 67-მა დეპუტატებმა გაიარეს.

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში უნდა მოესმინათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი