ახალი ამბებისაზოგადოება

რას იტყვიან?- ქორწინებით დასრულებული გატაცება და არაეფექტური კანონი

27 მარტი, 2016 • 10090
რას იტყვიან?- ქორწინებით დასრულებული გატაცება და არაეფექტური კანონი

„15 წლის ვიყავი, როცა მეუღლემ მომიტაცა. ვუთხარი, რომ არ ვუჩივლებდი, თუ სახლში დამაბრუნებდა, მაგრამ არ დათანხმდა. მითხრა, თუ მიჩივლებ, ჯარიმას დამაკისრებენ და გადავიხდიო. ასეც მოხდა, 6 ათასი ლარი  გადაიხადა. მე კი ეს სასჯელი მთელი ცხოვრება უნდა ვატარო, ბედნიერი არ ვარ და ვერც ვიქნები,“ – ამბობს მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში მცხოვრები სევინჯი (სახელი პირობითია). ახლა ის 17 წლისაა და 13-სულიანი ოჯახის რძალი და 8 თვის ბავშვის დედაა.

„მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მომავალმა მეუღლემ თვალი დამადგა. მე ის არ მიყვარდა და არც მომწონდა. ვუთხარი, რომ სწავლა მინდოდა და უნივერსიტეტში  ჩაბარებამდე ოჯახის შექმნას არ ვაპირებდი. ამის გამო მომიტაცა. ქორწილიც ბოლო ზარის დღეს დაამთხვია. მითხრა, შენი უნივერსიტეტიც, განათლებაც და მომავალიც  მე ვარო.“

ოფიციალური მონაცემებით, 2011–2014  წლებში საქართველოში მე–9 კლასამდე სწავლა 4 599–მა გოგონამ შეწყვიტა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში, სადაც მშობლები გოგონებს ხშირად 13 – 14 წლის ასაკში ათხოვებენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში ქალების 17%-ზე მეტი 18 წლამდე ასაკშია გათხოვილი: ნაადრევი ქორწინების რაოდენობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.

სევინჯი ამბობს, რომ თავიდან ოჯახს მისი დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ბოლოს მამამ მაინც გადაწყვიტა, რომ მეზობლების და ახლობლების კრიტიკის საგანი არ გამხდარიყო და შვილის გამტაცებლის ოჯახს შერიგებოდა: „მამამ თქვა, გატაცებული გოგოს  ოჯახში დაბრუნება სირცხვილია, სოფელში რას იტყვიან ჩვენზეო? მამამთილთან ისაუბრეს და ქორწილზე შეთანხმდნენ.“

სევინჯის მშობლების მსგავსად, ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგონების მშობლების დიდი ნაწილი შვილის მოტაცების შემთხვევაში თანახმაა, რომ  გოგონა გამტაცებელზე დააქორწინოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან. ადრე მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მშობლების თანხმობით 16 წელს მიღწეული პირის ქორწინებაც დაიშვებოდა, 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია. გამონაკლისის სახით, 17 წელს მიღწეული არასრულწლოვნის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. ამასთან, ეს საგამონაკლისო ნორმა მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება არასრულწლოვნის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. თუმცა კოდექსის 1501 -ე მუხლი გატაცებული  გოგონას ოჯახის თანხმობის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებასაც გულისხმობს. ასეთ დროს გამტაცებელმა 6 ათასი ლარიდან 14 ათას ლარამდე ჯარიმა უნდა  გადაიხადოს.

მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში მცხოვრები ნურიე ჯამალოვა ამბობს, რომ ვაჟიშვილს სასურველი გოგონას მოტაცებაში ხელს არ შეუშლის და მზადაა, ამისთვის  ჯარიმაც გადაიხადოს: „ჩემს ბიჭს ჰყავს შეყვარებული. თუ უნდა, მოიტაცოს. უნდა ელოდოს, რამდენ წელიწადში გახდება მისი შეყვარებული 18 წლის? მანამდე სხვამ რომ გაიტაცოს, ან გოგონას შეუყვარდეს სხვა? ოღონდ ჩემმა შვილმა იმასთან იცხოვროს, ვინც უყვარს და მზად ვარ, ჯარიმა გადავიხადო.“

ნურიეს თანასოფლელი ელმირა ფარაჯოვა კი ამბობს, რომ მისი 16 წლის გოგონა 7 თვის წინ გაიტაცეს და რადგან ბიჭის მიმართ გულგრილი არც მისი შვილი იყო,  ოჯახები შერიგდნენ და ქორწილიც გადაიხადეს: „გოგონა ახლა ფეხმძიმედაა. დედამთილს შევთავაზე, რომ მისთვის აბორტი გაგვეკეთებინა: ექიმთან რომ მივა და იმშობიარებს, პოლიცია გაიგებს, მაგრამ დედამთილი არ არის თანახმა. ამბობს, არ გვეშინია, ჯარიმას გადავიხდითო.“

პარლამენტარი თამარ კორძაია აცხადებს, რომ 2017 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნის ქორწინებას კანონი აღარ დაუშვებს, სისხლის სამართლის კოდექსის 1501 -ე მუხლში საპროცესო შეთანხმების ნაწილში კი რაიმე სახის ცვლილების შეტანის საჭიროებას ვერ ხედავს.

სოციოლოგი სამირა ბაბაევა მიიჩნევს, რომ ნაადრევი ქორწინების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საპროცესო შეთანხმების ნაწილში ცვლილება უნდა შევიდეს. „ჩვენი ორგანიზაცია – “გენდერული თანასწორობა ჟურნალისტებისთვის” ქვემო ქართლში კვლევას ატარებს. გოგონების გათხოვებისა და გატაცების შემთხვევების ზრდის მიზეზი კანონში არსებული ხარვეზია. სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით კოდექსში გარკვეული ცვლილება შეიტანეს. მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო შეთანხმების ნაწილში არაფერი შეცვლილა. გოგონას ადრეულ ასაკში გათხოვების ან გატაცების დროს, თუკი მისი მშობლები არ იჩივლებენ, გამტაცებელი თავისუფლების აღვეთით აღარ დაისჯება: ის ჯარიმას გადაიხდის და პასუხისმგებლობისგანაც გათავისუფლდება. გოგონაზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ჯარიმა შედარებით მეტია. გამტაცებლები ხშირად მაქსიმალურ თანხას იხდიან.“

სამირა ბაბაევა ამბობს, რომ გამტაცებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დააკავონ, როცა გოგონას ოჯახი  მის უკან დაბრუნებას მოახერხებს და გატაცებასაც გაასაჩივრებს. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ  არასრულწლოვანი გოგონების გატაცებები ძირითადად ოჯახების შერიგებით და ქორწინებით მთავრდება.

სევინჯის უკვე დააწვა მხრებზე ოჯახის მძიმე ტვირთი. საზოგადოების დაუწერელი კანონების თანახმად, მან ცხოვრების ბოლომდე იმ ადამიანთან უნდა იცხოვროს, რომელიც  არ უყვარს.


სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი