სამართალი

რას ცვლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის პროექტი?

21 იანვარი, 2015 • 3387
რას ცვლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის პროექტი?

კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კოდექსის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ნასამართლეობის გაქარწყლებას ამ კოდექსის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვრად მიიჩნევს. კოდექსის მიხედვით, ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდისთანავე, ან  პრობაციის ვადის გასვლისთანავე. თუ პირი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, მაშინ კვლავ ჩადენასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის რა დამამძიმებელი ფაქტორებიც არსებობს, ყველა იქნება გამოყენებული.

 

“არასრულწლოვნის ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობითი მსჯავრის შემთხვევაში – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე,”– წერია კოდექსის პროექტის მე–11 მუხლის პირველ ნაწილში.

 

ბარამიძე განმარტავს, რომ ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ არავისზე გაიცემა  და რჩება მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ინფორმაცია არ განადგურდება, რადგანაც კვლავ ჩადენას თუ ექნება ადგილი, მაშინ მართლმსაჯულების მწარმოებელი ორგანოსთვის ეს ინფორმაცია იყოს მისაწვდომი.

 

“თუმცა ყველა სხვა პირისთვის ეს ინფორმაცია მუდმივად იქნება დახურული,”- ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

 

მინისტრის მოადგილემ კოდექსის სხვა ძირითად პრინციპებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კოდექსის თანახმად, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, ისევე როგორც თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელები, უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც უკიდურესი ზომა.

 

“სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე პირველ რიგში ითვალისწინებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი,”- ამბობს ბარამიძე.

 

კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური შეფასების პროცესში ითვალისწინებენ “არასრულწლოვანის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს, რაც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა”.

 

გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, პროცესში უზრუნველყოფილია არასრულწლოვნის და მისი წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობა, ასევე, არასრულწლოვანთა პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა და პატიმრობის გაუმჯობესებული პირობები.

 

ბარამიძე ამბობს, რომ განრიდების ინსტიტუტს არასრულწლოვნებთან მიმართებით ცენტრალური როლი უჭირავს. მისი თქმით, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდების შესაძლებლობა განიხილება.

 

UNICEF-ის  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა, რომელიც თავად იყო ჩართული პროგრამის მომზადებაში, ამბობს, რომ მთავარია, მართლმსაჯულებით სისტემაში მოხვედრილ ყველა ბავშვს თავისი საჭიროების მიხედვით მოეპყრან.

 

“ყველაზე მთავრი პრონციპი და ინოვაცია, რაც პროექტს შემოაქვს, პირველ რიგში, ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებული მიდგომა და ინდივიდუალური მიდგომა. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულებით სისტემაში მოხვედრილ ყველა ბავშვს უნდა მოეპყრან თავისი საჭიროებისდა მიხედვით. პირველ რიგში, ეს საჭიროებები უნდა იყოს კარგად შესწავლილი ნებისმიერ ეტაპზე,“- ამბობს თეონა კუჭავა.

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალთა სპეციალიზაცია. ეს იმას გულისხმობს, რომ ყველა პროფესიონალი, რომელსაც მოუწევს არასრულწლოვანთან მუშაობა, უნდა იყვნენ სპეციალურად გადამზადებულები და წინასწარ კარგად შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე არჩეულები.

 

ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ საკმარისი რაოდენობის სპეციალიზებული გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეებისა და პოლიციელების მომზადება რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი.

 

„ძალიან რეალურია ის, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ საკმარისად ბევრი რაოდენობის პროფესიონალი მოვამზადოთ,”- განაცხადა მან.

 

ბარამიძე ამბობს, რომ კოდექსის დაცვის ქვეშ ექცევიან არა მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, არასრულწლოვანი დაზარალებული და არასრულწლოვანი მოწმეც. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაზარალებული არასრულწლოვნის განმეორებითი ვიქტიმიზაცია, ასევე უზრუნველყოფილი იქნეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, კოდექსი ეხება არასრულწლოვნებს, რაც სისხლის სამართლის მიზნებისთვის 14-დან 18 წლამდე ასაკის პირებს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მიზნებისთვის 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებს გულისხმობს, მაგრამ კოდექსი გარკვეულ შემთხვევებში ვრცელდება ასევე პირებზე, რომლებიც 18 წლიდან 21 წლამდე ასაკისანი არიან.

 

“18-21 წლის ასაკის პირების მიმართ ისევე ვრცელდება ის საპროცესო უფლებები, როგორც ჩვეულებრივად არასრულწლოვანის მიმართ. ასევე, მათ მიმართ ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი განრიდებასთან დაკავშირებული პრინციპები,”- განაცხადა მან.

 

უწყებათშორისი საკორდინაციო სხდომის სხდომაზე კოდექსთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულიკიანის განცხადებით, სავარაუდოდ, 10 თებერვლისთვის კოდექსთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია დაიხურება და პროექტი მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტს უკვე პარლამენტი განიხილავს.

 

არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია 20.01.2015
არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია 20.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი