სამართალი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: ხარვეზები კოდექსის პრაქტიკული განხორციელებისას

12 დეკემბერი, 2016 • 5346
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: ხარვეზები კოდექსის პრაქტიკული განხორციელებისას

როგორ მუშაობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი – ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ომბუდსმენმა და “ინიციატივამ მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” კვლევა ჩაატარეს და ანგარიში დღეს, 12 დეკემბერს წარმოადგინეს.

უკვე თითქმის ერთი წელია, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს:

  • კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვას;
  • არასრულწლოვანთა საქმეების წარმოებას მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელებისა და ადვოკატების მიერ;
  • ინდივიდუალურ მიდგომას არასრულწოვნის მიმართ;
  • უპირატესობის მინიჭებას განრიდებისა და მედიაციისთვის და ა.შ.

კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ რამდენად არის დაცული კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებები დაკავების მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილებამდე.

კოდექსის პრაქტიკული განხორციელების პროცესში გამოიკვეთა “მიშვნელოვანი ხარვეზები” – წერია ანგარიშში.

“დაცვის უფლების მიმართულებით გვაქვს ჩვენ პრობლემა, ასევე პრობლემა გვაქვს, როდესაც სახეზეა არასრუწლოვანი მოწმე, ძალიან დიდი პრბლემებია არასრულწლოვნის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ანუ, ვინ უნდა წარმოადგნოს და რა უფლებები უნდა ჰქონდეს მას,”-განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელმა გიორგი ჩიტიძემ.

კვლევის: არასრულწოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" შედეგების პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 12.12.2016

კვლევის: “არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში” შედეგების პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 12.12.2016

კანონიერი და საპროცესო წარმომადგენლები ვერ ახერხებენ არასრულწლოვნის უფლებების დაცვას

კოდექსის თანახმად, დამკავებელი პირი, არასრულწლოვნის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე, მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს არასრულწლოვნის ადგილსამყოფელს და აცნობს მისი დაკავების მიზეზსა და უფლებებს.

კანონიერი წარმომადგენელი არის არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი ან მეურვე, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში  მონაწილეობს.

საპროცესო წარმომადგენელი კი – მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ დანიშნული მეურვეობისა  და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი. თუ კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ ხერხდება, პოლიციელი ამის შესახებ ატყობინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც საპროცესო წარმომადგენლად ასახელებს თავისი თანამშრომლის კანდიდატურას.

ავტორების განცხადებით, კვლევამ ცხადყო, რომ პრაქტიკაში კანონიერ და საპროცესო წარმომადგენლებს უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ ინფორმაცია მათი უფლებებისა და პროცესუალური ფუნქციების შესახებ.

მეტიც, ანგარიშის თანახმად, პროცესში მათი ჩართულობა მხოლოდ ნომინალურია  და რიგ შემთხვევებში არათუ არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას ვერ ახერხებენ, თავადაც ხდებიან შეურაცხყოფისა და უხეში მოპყრობის ობიექტი ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან.

“ინტერვიუს დროს ერთ-ერთმა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა – „მე ვარ დედა და მე მაყენებდნენ შეურაცხყოფას. კაცი, რომელიც ასამართლებ ჩემს შვილს და იჭერ დანაშაულის ფაქტზე, იმ კაცმა როგორ შეიძლება მე დამიჭიროს, ან ჩემს შვილს რამე განმარტება მისცეს და რამე შენიშვნა მისცეს, როდესაც თავად არ აქვს განათლება, კულტურა და არ აქვს შეგნება? მომიბრუნდა და მითხრა ,,შენ რა ქალი ხარ, შვილი ვერ გაგიზრდია… ვიდექი იქ, უბრალოდ, ნივთივით და ვყურებდი, თვითონ როგორ აგვარებდნენ ამ საკითხებს… რომც მეყვირა და მეჩხუბა, უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო, ვისთვის რა უნდა გაეკეთებინათ. გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, უნდა ჩაესვათ ციხეში, ე.ი. უნდა ჩასვან. რაც არ უნდა გააკეთო, არავინ არაფერს გეკითხება. ამოიღებ ხმას და გადადიან პირდაპირ ლანძღვაზე“. კითხვაზე, თუ რა ფუნქციები აქვს კანონიერ წარმომადგენელს, კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ (კანონიერმა წარმომადგენელმა) აღნიშნა: „უფუნქციო არსება, რომელსაც შეგიძლია ფეხები შეაწმინდო იმიტომ, რომ გაზარდა ასეთი შვილი. მე მეტი არანაირი ფუნქცია იქ არ მქონია დაკისრებული”,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

 

არასრულწლოვანი მოწმეები დაცვის გარეშე

არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, „სისხლის სამართლის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან მოწმეს ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს, თუ იგი გადახდისუუნაროა

კვლევის თანახმად კი, პრაქტიკაში იქმნება სიტუაცია, როდესაც არასრულწლოვანი მოწმე პოლიციასთან პირველი კონტაქტის დროს ვერ იყენებს სავალდებულო დაცვის უფლებას, თუ არ არსებობს მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

ამასთანავე, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, არასრულწლოვანი მოწმის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა არ იყოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საფუძველი, თუმცა ოჯახის მატერიალური რესურსი მაინც არ იყოს საკმარისი ადვოკატის აყვანისთვის. ამიტომაც, ავტორები ფიქრობენ, რომ არასრულწლოვანი მოწმისთვის დაცვის უფლების სავალდებულოდ უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი დაცვის უფლება მის ფინანსურ შესაძლებლობებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

მაგალითად, კვლევაში საუბარია, რომ გამოიკვეთა პრაქტიკა, როდესაც არასრულწლოვნებს თავდაპირველად იბარებენ, როგორც მოწმეს, ესაუბრებიან მათ, სთხოვენ აღიარებას ან გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მიცემას, შემდეგ კი ცნობენ მათ ბრალდებულად და სწორედ ამის შემდეგ უზრუნველყოფენ სავალდებულო დაცვის უფლებით. მოწმედ ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანი არ არის უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით, ამიტომაც, ავტორების თქმით, იგი ვერ აცნობიერებს შესაძლებლობას, გამოიყენოს დუმილის უფლება, არ მისცეს თავისი ან მისი ახლობლის მამხილებელი ჩვენება, მისცეს ჩვენება მხოლოდ სასამართლოში და ა.შ.

ასევე, კვლევაში საუბარია, რომ არასრულწლოვან მოწმეებთან დაკავშირებითაც არსებობს “გასაუბრებების” პრაქტიკა. ამ პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არაერთხელ უსაუბრიათ.

კერძოდ, “გასაუბრების” დროს არასრულწლოვანს პოლიციის ავტომობილში სვამენ და გადაჰყავთ განყოფილებაში ისე, რომ არ ფორმდება დაკავების ოქმი.

“კვლევამ წარმოაჩინა, რომ არაფორმალური გამოკითხვის ეტაპზე, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელების მხრიდან ადგილი აქვს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე, ფიზიკურ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს: „ამაზე მეტი მაგალითი რაღაა, ბავშვმა რომ მითხრა, მცემეს განყოფილებაშიო და რომ ვუთხარი სასამართლოზე, ასე მითხრა ბავშვმა-თქო, იყო ის პოლიციელი მოსული, აბა, მიდი, დამიმტკიცე, რომ გცემეო”.“

დაკავების დროის არასწორად დაფიქსირებაზე საუბრობენ ადვოკატებიც: „კანონიერ წარმომადგენელს ჩააბარეს უწყება დილის ათ საათზე, თითქოს მაშინ დაიბარეს ბავშვი. რეალურად ხუთი საათის დაკავებული იყო. რა თქმა უნდა, ჩანაწერები არ მოგვცეს,“- ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვნის დაკითხვისას

ანგარიშის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად ვის მიერ უნდა მოხდეს ფსიქოლოგის მოწვევა არასრულწლოვნის დაკითხვისას. კვლევაში საუბარია იმის შესახებ, რომ პრაქტიკაში მხარეები იყენებენ ფსიქოლოგის მომსახურებას გამოკითხვის/დაკითხვის დროს.

კვლევის თანახმად, ფსიქოლოგის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროკურორებმა და განაცხადეს, რომ ფსიქოლოგები ერთვებიან ისეთ საქმეებზე, როგორიც არის ოჯახური ძალადობის, ასევე, სქესობრივი დანაშაულები.

ადვოკატებმა კი აღნიშნეს, რომ გამოკითხვა/დაკითხვის დროს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დასწრება, რადგან ცალკეულ შემთხვევებში პოლიციის განყოფილების თანამშრომლები არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ:

“კვლევის მონაწილე ადვოკატების განმარტებით: „უფროსი ჩაივლის და მიაძახებს–,,შენ ჩაიდინე, ბიჭო?», მოადგილე გამოივლის, მიაძახებს–,,უი, შენ რა გელოდება”, მერე კიდევ სხვა ეუბნება–,,შენ ხარ მაგალითი ოჯახის? და ა.შ. ეს დაკითხვა არ არის, ეს არის არაფორმალურად ბრალის დადება.“ „ყველა გავლა–გამოვლაზე დასცინიან, ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებენ.“,”- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორები წერენ, რომ ნორმის არსებული რედაქცია საქმის მწარმოებელ ორგანოს უტოვებს ფართო დისკრეციას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება და თავადვე შეარჩიოს მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ფსიქოლოგი.

ავტორების რეკომენდაციის თანახმად, მნიშვნელოვანია, ნორმატიულად გაიწეროს ფსიქოლოგის სავალდებულო ჩართულობის წინაპირობები, იმ შემთხვევებში კი, როდესაც ასეთი გარემოებები სახეზე არ იქნება, გამოძიებას მიეცეს დისკრეცია, არსებული სიტუაციისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, თავად გადაწყვიტოს ფსიქოლოგის ჩართვის საკითხი.

რას აჩვენებს სასამართლო პრაქტიკის ანალიზი?

სახალხო დამცველმა შეისწავლა დასრულებული სისხლის სამართლის 8 საქმე, სადაც ბრალდბეულები არასრულწლოვნები იყვნენ

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება, მაინც არის ცალკეული საკითხები, რაზეც აუცილებელია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის დროს ყურადღება იყოს გამახვილებული,”- განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ომბუდსმენის მოადგილემ, ნათია კაციტაძემ.

მაგალითად, ომბუდსმენის მიერ შესწავლილ რამდენიმე საქმეში გამომძიებელმა არ მოამზადა არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. ასევე, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე, ომბუდსმენის განცხადებით, არასრულწლოვანი სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავეს.

ორ შემთხვევაში კი, არასრულწლოვანთა მიმართ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა შუაღამისას: – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.  თუმცა ომბუდსმენის მიერ შესწავლილ საქმეებში ფიქსირდება, რომ  ერთ შემთხვევაში არასრულწლოვანი მოწმე დაკითხულია 00:55 – 02:25 საათებს შორის პერიოდში, ხოლო სხვა შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი არასრულწლოვანი პირის მონაწილეობით ჩატარდა 03:20 – 03:20 საათებს შორის პერიოდში. ომბუდსმენის თქმით, ამ საქმეებში არ იყო შესაბამისი დასაბუთება, რამაც დაკითხვის ღამით ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია.

 

არასრწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ პირთა სპეციალიზებასთან დაკავშირებული პრობლემები

კვლევის თანახმად, არასრულწლოვნთა მართლმსაჯულების სფეროში სპეციალიზაცია განხორციელდა ერთჯერადად, თუმცა არ ჩანს სწავლების პროცესის უწყვეტობის, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შეფასების სისტემა.

“ბათუმში კერძო ადვოკატების ნაწილმა განაცხადა, რომ კოდექსის ამოქმედების ეტაპისთვის ვერ ესწრებოდა შესაბამისი უწყებების თანამშრომელთა გადამზადება, ამიტომ მათ ნაწილს, უბრალოდ, დაურიგეს სერთიფიკატები: „როგორც ვიცით, ძალიან ბევრს არც ერთი ტრენინგი არ გაუვლია, არც პროკურორებს, არც მოსამართლეებს, პირდაპირ გადასცეს სერტიფიკატი. არაერთი შემთხვევა იყო ასეთი. სახაზინო ადვოკატებსაც დაურიგეს სერთიფიკატები სულ თავიდან“,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, არასრულწლოვანი ბრალდებული გამოჰკითხოს სპეციალიზებულმა პირმა, თუმცა არსებული იერარქია არ იძლევა შესაძლებლობას, რომ არასრუწლოვნის გამოკითხვა არასპეციალიზებულ პირთა ჩაურევლად მოხდეს. კვლევაში წერია, რომ ადვოკატების თქმით, არის შემთხვევები, როდესაც განყოფილების უფროსი ან სხვა ხელმძღვანელი პირი გამოკითხვისას კომუნიკაციაში შედიან არასრუწლოვანთან, ზოგჯერ კი ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახორციელებენ მასზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, თეა მაჩაიძემ 12 დეკემბრის შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სპეციალიზაციის კუთხით კიდევ გადაიგას ნაბიჯები:

“‘ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ პროცესში არის პროფესიონალთა სპეციალიზაცია და კვალიფიკაცია, ვინაიდან ის კოდექსით გასაზღვრული მიდგომების პრაქტიკაში გამოყენება არის სწორედ მათ ხელში და მათი კვალიფიკაცია საჭიროებს მუდმივ ზრუნვას. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ამოქმედებამდე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი  და პროფესიონალების გადამზადებისა და სწავლების პროცესში ევროკავშირთან ერთად ჩვენც ვიყავით ჩართული, ეს, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ საწყისი ეტაპი და ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეციალიზაციის მეორე, უფრო ყოვლისმომცველ ეტაპზე,”- განაცხადა თეა მაჩაიძემ.

ამავე შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ სისტემაში პროკურორების ტრენინგი თითქმის დასრულებულია და სპეციალიზებულ პროკურორთა სია უზენაესი სასამართლოს ვებ-ვერდზე არის გამოქვეყნებული. ვებ-გვერდზე მართლაც დევს სია, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სპეციალზებული პროკურორებისა და გამომძიებლების რაოდენობა 188-ს უდრის. ლონდა თოლორაიას თქმით, ამ რაოდენობას მიემატა გადამზადებულ პროკურორთა ახალი ჯგუფი და უზენაეს სასამართლოს ამ სიასაც მიაწვდიან.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სანიკიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტრენინგები და გადამზადება პერმანენტული ხასიათის იქნება:

“ამაზე მუშაობა ჩვენ გვაქვს დაწყებული. ეს ისე არ არის, რომ მხოლოდ კოდექსი დავწერეთ და ამით ყველაფერი დასრულდა. თუმცა, ასევე, იმაზეც გეთანხმებით, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს, უნდა დარეგულირდეს,”- განაცხადა შეხვედრაზე ზურაბ სანიკიძემ.

 

 

 

იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლების პოზიცია

იუსტიციის სამინისტროა წარმომადგენელმა, ზურაბ სანიკიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბევრი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე დაისვა, არა კანონის, არამედ პრაქტიკის პრობლემაა. მისივე განცხადებით, წარმოდგენილ კვლევას გაეცნობიან:

“ჩვენ კვლევას ვნახავთ, ჩამოვყალიბდებით, ჩვენი მოსაზრებით, სად, როგორ არის საჭირო, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და ამის მიხედვით, არასრულწლოვანთა კოდექსის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, მუშა პროცესში, ბუნებრივია, განვიხილავთ.

რაც შეეხება პროკურატურას, შეხვედრაზე მათმა წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ არსრულწლოვნის ღამით დაკითხვა, რაზეც ომბუდსმენის მიერ შესწავლილ ორ საქმეში იყო საუბარი, არ უნდა ხდებოდეს:

“ის, რომ არასრულწლოვნის მიმართ ღამით საგამოძებო მოქმედებების ჩატარება არ უნდა ხდებოდეს და თუ ხდება, ეს უნდა იყოს დასაბუთებული და ის, რომ ოქმები უნდა დგებოდეს და ეს არის თქვენი რეკომენდაცია, მე ვიტყოდი, რომ ამას რეკომენდაციაც არ სჭირდება, ეს არის კანონის პირდაპირი მოთხოვნა და ეს ასეც უნდა ხდებოდეს. რიგ შემთხვევებში, თუ ეს ირღვევა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. მე არ ვიტყვი იმას, რომ ეს არ ხდება, ვერ გეტყვით, შეიძლება ხდებოდეს, იდეალურად შეიძლება არ ვიყოთ ამ სფეროში და ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ხარვეზებს და ამ მიმართულებით ესე იგი სამუშაოა. იგივე ტრენინგების კუთხით, იგივე, პოლიტიკის გამკაცრების კუთხით ასეთი ფაქტების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არის ყურადსაღები,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

რაც შეეხება არარულწლოვანი ბრალდებულების ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებს, თოლორაიას თქმით, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, ყველა პროკურორს აქვს მიცემული რეკომენდაცია, ვიდრე შეთანხმებას გააფორმებს, ეს ანგარიში მოითხოვონ. სავარაუდო სასჯელი კი მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გაცნობის შემდეგ წარუდგინოს მოსამართლეს. ხოლო რაც შეეხება ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას, ლონდა თოლორაიას თქმით, ეს სამსჯელო საკითხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი