ხელოვნება

დეპუტატის თქმით, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა შეჩერებულია

26 ნოემბერი, 2013 • • 1264
დეპუტატის თქმით, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა შეჩერებულია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის, ფრიდონ საყვარელიძის თქმით, კანონპროექტი ხვალინდელი სესიიის დღის წესრიგში შეტანილი არ არის, რაც კანონპროექტის შეჩერებას ნიშნავს. 

 

“ხვალინდელი დღის წესრიგში შეტანილი არ არის. ეს ნიშნავს გაჩერებას. კომიტეტზე იყო განხილული. ამის შემდეგ უნდა შემოსულიყო პარლამენტის სესიის დღის წესრიგში. ამ დილით გაიმართა ბიუროს სხდომა და ხვალინდელ დღის წესრიგში შეტანილი არ არის. შეჩერებულია, აბა, რა არის?! დღეს უნდა განხილულიყო და არ იხილება. ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ახალ ვარიანტზე, რომელშიც ითვალისწინებენ არასამთავრობოების შენიშვნებს. ახალი ვარიანტი არ არის ჯერ წარმოდგენილი. 

 

ამავე კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის თქმით, კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით მოისმინეს, ხოლო ბიუროს სხდომაზე განხილული ჯერ არ ყოფილა. 

 

“კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ ნაყოფიერი იქნება მათი თანამშრომლობა. რა და როგორ იქნება, ვნახავთ უახლოეს მომავალში,”- განაცხდა კიღურაძემ. 

 

პარლამენტარ ალექსანდრე ქანთარიას თქმით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სტატუსი შესაბამისი დარგის ექსპერტების დასკვნის გარეშე არ უნდა მოუხსნან. მისივე განმარტებით, ამჟამად კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაძლოა ის შეიცვალოს.

 

„ამ კანონპროექტზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, კომიტეტშიც გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობთ და ჩვენი მყარი რწმენაა, რომ სპეციალისტების, ექსპერტების დასკვნის გარეშე საერთოდ არ უნდა მოხდეს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კანონპროექტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ მოინახება ისეთი ვარიანტი, რომელიც არ დააზარალებს, ერთი მხრივ, კულტურულ მემკვიდრეობას და მეორე მხრივ, არც იმ ინვესტორებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ დაიწყონ მუშაობა და შეუდგნენ მშენებლობებს, და ასევე თბილისის ინტერესებს,”- განაცხადა ქანთარიამ. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან “ნეტგაზეთს” აცნობეს, რომ სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს ისმენს.  შეგახსენებთ, სწორედ ეს სამინისტროა კანონპროექტის ავტორი. თეა ბოლქვაძის, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ ცვლილებებზე სამინისტრო არ შეჯერებულა, რადგან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. 

 

ეკონომიკის სამინიტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლში ცვლილების შეტანას. 

 

შეთავაზებული ცვლილების მიხედვით, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა, კანონში უნდა ჩამატებულიყო პირობა. „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“ მთავრობის დადგენილებითა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ობიექტს ჩამოერთმევა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი