ახალი ამბები

პრემიერი: ე.წ. გასაღები შსს-ს ხელში უნდა იყოს

20 ნოემბერი, 2014 • • 1154
პრემიერი: ე.წ. გასაღები შსს-ს ხელში უნდა იყოს

ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, ე.წ გასაღების ფლობა სჭირდება არა მთავრობას, არამედ – სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთოებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განუცხადა.

ღარიბაშვილი მხარს უჭერს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, ვინაიდან, მისი თქმით,” საუბარია სახელმწიფოებრივ საიდუმლოებასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.”

„ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ ჩვენ არ ვნერგავთ ისეთ რეფორმებს, რომლებიც აპრობირებული არ არის ორ ან სამ თანამედროვე, ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ე.წ ორი გასაღების პრინციპია – ერთი სასამართლოს ხელში, როგორც არასამთავრობოები გვთავაზობენ, და მეორე – მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მე და ყველა პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. მარტივი ასახსნელია, რომ ამას გეგმავენ „ნაციონალები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი მიდგომები შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზებას ემსახურება, თუმცა “სახელმწიფოსთან ამგვარი მოპყრობა არავის გაუვა.”

„ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ოპოზიციის, ისე – პოზიციის, უნდა იყოს, რომ სახელმწიფო გავაძლიეროთ და არ დავასუსტოთ. ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვარ, არავის მივცემ უფლებას, ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე, ეს გამორიცხულია. ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მორგებულია ჩვენს რეალობაზე.”

ღარიბაშვილი ამბობს ე.წ გასაღები მობილურ ოპერატორებთან ვერ დარჩება, ვინაიდან “მობილური ოპერატორები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გარდა ამისა, აღნიშნული კომპანიების უკან უცხო სახელმწიფოები დგანან. პრემიერის განცხადებით, მთავრობას არ აქვს უფლება, სახელმწიფო საიდუმლოება უცხო ქვეყანას გადასცეს.


ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური ვარიანტია ცივილიზებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდი – როდესაც ე.წ გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშია, თუმცა უწყებაზე ეფექტური კონტროლი ხორციელდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი