ახალი ამბები

ეკლესია

13 ნოემბერი, 2012 • • 2535
ეკლესია

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოში 2000–ზე მეტი ეკლესიაა, მიუხედავად ეკლესიების დიდი რაოდენობისა, მოქალაქე ხათუნა ბოკუჩავა თვლის, რომ ასი ათასი მოწამის ეკლესია უნდა აშენდეს და საერთოდ რაც მეტი ეკლესია აშენდება უკეთესია:


“ხალხიც მეტი მოექცევა, ქართველი ხალხის სასიკეთოდ  მოხდება ეს და მიმაჩნია, რომ სასიკეთოდ ხდება ყველაფერი”


იდეაში ასაშენებელი ტაძრის საპირწონე არ არის 2000–ზე მეტი ეკლესია ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლის ზაზა გაბუნიასთვის:


“2000 ეკლესიის თემას მე პირდაპირ ვერ დავუკავშირებდი 100 000 მოწამის ეკლესიის თემას,  აღესრულა ასეთი დიდი მოვლენა და არ გვაქვს მათი სახელობის ტაძარი, დიახ გვაქვს 2000 ეკლესია, მაგრამ ესეც საჭიროა”.


ვისი ფინანსებით უნდა აშენდეს აღნიშნული ტაძარი, ილია მეორეს ქადაგებისას არ დაუკონკრეტებია, თუმცა საქართველოში არსებობს პრაქტიკა, რომელიც ეკლესიების აშენებას ხალხის შემოწირულობის, ან ბიზნესმენთა დახმარებით გულისხმობს.


მაგალითად , პოლიტიკაში ჩაბმამდე, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდებმა “ქართუ“, „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ და ასოციაციიდან „ატუ“  ეკლესია მონასტრების ასაშენებლად და რესტავრაციისთვის 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით 38 მილიონამდე ლარი დახარჯა, აქედან სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა  ფონდებს 10 მილიონი ლარი დაუჯდა.


შეგახსენებთ, რომ 2013 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის 25 000 000 ლარია გამოყოფილი, მიუხედავად აღნიშნული თანხისა, ანჩიხატის დეკანოზი თომა არ მიიჩნევს, რომ ტაძრის ასაშენებლად თანხა საპატრიარქომ უნდა გაიღოს:


“საპატრიარქოს ბიუჯეტი არაფერ შუაშია, თითოეულმა ქართველმა უნდა გაიღოს თანხა, როგორც მახათას მთაზე შენდებოდა, ზოგს ერთი ლარი შეაქვს, ზოგს 10 თეთრი, ბიზნესმნებიც დაეხმარებიან, მაშინაც იყო საუბარი, რომ გაჭირვებაა, მაგრამ აშენდა. საპატრიარქოს თავისი ბიუჯეტი ჭირდება მისი ორგანიზაციების შესანახად”


მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების მსვლელობას ესწრებოდა მიიჩნევს,რომ თანხა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიღოს, თუმცა დეკანოზ თომასგან განსხვავებით ფიქრობენ, რომ ტაძრის ასაშენებლად თანხა საპატრიარქომაც უნდა გადარიცხოს, ზაზა გაბუნიაც ფიქრობს, რო 25 000 000 დიდი თანხაა და მისი ნაწილი ტაძრის მშენებლობას უნდა მოხმარდეს:


“ მე ვარ მომხრე, რომ ეს თანხა იხარჯებოდეს მიზნობრივად, საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ხშირად სპეკულირებს საპატრიარქოს 25 000 000–ით , იხარჯება მიზნობრივად, კარგი იქნება, თუ რაღაც ნაწილს ამ თანხიდან საპატრიარქო მოახმარს ტაძრის მშენებლობას”


უკვე რამდენიმე წელია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის საწარმოებსა და მაღაროებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს ყოველთვიურად ხელფასიდან ეჭრება 5 ლარი, რომელიც ირიცხება ჭიათურაში მშენებარე მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ფონდში. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ნებაყოფლობით ხდება, თუმცა მუშები ამას არ ადასტურებენ და ეს ერთ–ერთი ბოლო შემთხვევაა, რასაც მუშებისგან პროტესტი მოჰყვა:


„ვერ ვგებულობთ, ეს ხუთი ლარი სად მიდის. თვითონ ესენი იძახიან, რომ ეს ხმარდება ეკლესიის მშენებლობას. შეამოწმეთ და ნახეთ, რა არის აშენებული. იქნება, მე ეს 5 ლარი, 10 ლარი მინდა დავდო დღეში და არა თვეში, რატომ გვართმევენ ასე ძალით ამ 5 ლარს? არ ვიცით, სად რა მიდის აქედან“, – აღნიშნული „ნეტგაზეთს“ „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელმა ნატა ტყემალაძემ განუცხადა.


მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ტაძრის მშენებლობასთან მიმართებაში, ხათუნა ბოკუჩავა, ამბობს, რომ ეს არ უნდა იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება და საზოგადოების აზრი უნდა გაითვალისწინონ.


თუმცა 2012 წლის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ანგარიშის მიხედვით,  ნდობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიურ ინსტიტუტებს აქვს –72%, ხოლო NDI–ის კვლევი მიხედვით, გამოკითხულთა 33%–ისთვის რელიგიური რწმენები გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 52%–ისთვის მნიშვნელოვანი. კვლევბის მიხდვით შგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობა პატრიარქის ინიციატივას დაეთანხმება.


რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები “ნეტგაზეთი” უახლოს დღეებში შემოგთავაზებთ. ქდმ–ს წარმომადგენელი ზაზა გაბუნია ფიქრობს, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც უმცირესობასა და უმრავლესობას  კონსესუსის მიღწევა არ გაუჭირდება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, ასი ათასი მოწამის ტაძრის აშენების  ინიციატივა, 11 ნოემბერს, საკვირაო ქადაგებაში გააჟღერა:


“იყო დრო ვაშენებდით და იყო დრო იყო დრო როცა ვანგრევდით , ახლა არის დრო როცა უნდა ავაშენოთ, მე მახსენდება ის დრო როცა გვინდოდა ამ წინდა ტაძრის (სამება) აშენება, მრავალი ადამინი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი გაჭირვების ჟამს აშენდებდა ეს ტაძარი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, ჩვენ არც გვიშრომია და არც გვიღვაწია ამ ტაძრის აშენებაში, თვითონ შენდებოდა და აშენდა ეს ტაძარი , მე მადლობა მინდა ვუთხრა უფალს და იმათ ვინც ააშენა ეს ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველევისა და შემთხვევითი არ არის რომ წმინდა სამების სახელეა, ჩვენ, რომ გადაგვეწყვიტა ტაძრის აშენება, რომელიმე წმინდანის სახელზე ის ტაძარი ვერ აშენებდა ან აშენდებოდა ძალიან მცირედ, ჩვენი მიწა მორწყულია მოწამეები სისხლით აი მთელი მტკვრის ნაპირი, სადაც ეხლა უცნაური ქანდაკებები და მშენებლობა არი, მორწყულია წმინდანების სისხლით, ჩვენ მაგ ადგილზე უნდა გვქონდეს 100 000 მოწამის ტაძარი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი