კრიტიკული დებიუტი: „ჰაიტ, თქვე ცუღლუტებო“
„ერთხელ პატარა გოგონას ბლოგის გამართვა მოუნდა…“
თუმცა, აღმოაჩინა, რომ საიტი, რომელიც ერთ დროს დიდი ზარზეიმით გაიხსნა და რომელსაც ქართული ბლოგინგის მომავალი ემყარებოდა, საიტი, რომელის მზადებამაც კვარიათის ერთ–ერთი სასტუმროს ხორაგის ნაწილი შეიწირა და რამდენიმე ბლოგერის სამდღიანი უზრუნველი ყოფა უზრუნველყო, დღეს უბრალოდ აღარ არსებობს.
გოგონას თაკო ჰქვია, საიტს – ქართული ბლოგინგის დღეები ერქვა (?), პოსტსაც – იგივე: „არა, ის გოგო იმ ტუტორიალების გარეშეც მოახერხებს რამეს, მაგრამ ისევ ბლოგერებზე ვზრუნავ (ეს ბლოგი საკმაოდ დიდი ხანია რაც გათიშულია), ზუსტად არ ვიცი მათი რაოდენობა, მაგრამ თვეში 20-20 თეთრი მაინც დადონ რომ www.gbd.ge გათიშული არ იყოს, მათი სულისკვეთება ასე უკვალოდ ხომ არ უნდა გაქრეს? “დღეები ქართული ბლოგინგისთვის” ასე ხომ არ უნდა ჩაბარდეს წარსულს? ბლოგერების ენერგია, დრო, თავგანწირვა… არა! მე ვაფასებ ამ ყველაფერს და მათაც დააფასონ“
მათ კი, ვისაც პოლიტიკა მხოლოდ სააკაშვილის რაიმე ფრაზისათვის (საქციელისათვის) ჩავლება და შემდეგ მისი გულმოდგინე გინება, ან, აქციებზე დგომა და მზესუმზირის კნაწუნი არ ჰგონია, შეუძლია სოლომონ თერნალელის ბლოგს ესტუმროს ხოლმე. ახალი პოსტი – „მოდი ვნახოთ ვენახი (მრავალუცნობიანი ნაცნობი დრამა ფარდით, ნაგლეჯით და მოუხელთებელი სუფლიორით)“ კი ჟურნალისტი ჯაბას (“ჯეი–ჯეი”), „უბიწო ბიწაძის“, „ბიწი–ერი ერის“, იუბილარი მიშას, ოპოზიციის ლიდერისა და ქ–ნ ნინო ტეტჩერის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება. სახელების ამგვარი მოდიფიკაცია ადვილად მიგახვედრებთ, რომ ტექსტი მშრალი და „ამა წლის ამა და ამ რიცხვში ესა და ეს შეხვედრა შედგა“ სტილის არ არის. პირიქით, მათაც კი შეიძლება მოეწონოს, ვისთვისაც პოლიტიკა „პოლნი“ წიკად ქცეულა და ვერც ამ ასე თუ ისე გახმაურებულ ამბავში ერკვეა: „თუ პრეზიდენტი ვინმეს ქრთამს თავაზობდა, თუნდაც ძალიან კეთილშობილური მიზნით, როგორადაც ითვლება პრეზიდენტად დარჩენის დაუძლეველი სურვილი, ეს არა მარტო მის იმპიჩმენტს, არამედ მის დაჭერას უნდა მოასწავებდეს. და ამ დროს, პრესს–მანანას ნეჟნი ”ნევიჟუ–ნესლიშუები” ძაან უდროოა.“
„ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“
არქეოლოგობა კი ამჯერად ლობჟანიძემ ითავა და ნაპოვნი ნიმუშების ჩვენთვის გაზიარებაც გადაწყვიტა. „ჩვენი ენა ქართული, ანუ, რანი ვართ ჯოუ“ იმ სიტყვებსა თუ გამოთქმებს შიფრავს, რომლებიც ჩვენს ენაშია ჩაცემენტებული და იქიდან ასოს მოცვლას არ აპირებს: “ეკაიფე ჯო დასენს” – ფრაზა რომელიც “დამცინავს” მოუწოდებს გაჩერდეს და გონს მოეგოს, საზოგადოებისთვისაც და ალბათ აწ გარდაცვლილი ჯო დასენისთვის ამ ფრაზის ლოგიკა ალბათ სამუდამო საიდუმლოთ დარჩება. არსებობს “ეკაიფე ჯო დასენის” და “ბერმუდის სამკუთხედის” მისტერია, არსებობს კიდევ სხვა მისტერიები, მაგრამ გაცილებით ნაკლები მნიშვნელობის ვიდრე ეს ორი.”
წიაღის კვლევის საკითხებში უფრო შორს წავიდა 2kija და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პოსტს „სტატუსი“ უწოდა (რაც რეალურად ასეცაა), დაფიქრებად მაინც ღირს. „ომი ფილმებში: ნორმალური ადამიანური საქმიანობა“ რამდენიმე მაგალითზე დაყრდნობით აჩვენებს იმას, რომ „უგვანო მტლაშა–მტლუშის“ ფონზე, ფილმთა ნაწილში ომი ჩვეულებრივ „საქმიანობად“ არის აღქმული: „კუსტურიცას მიწისქვეშეთშიც არის დაბომბვის სცენა, სახლს ბომბავენ მთავარ გმირს კი სექსი აქვს. იმის გადმოცემის გარდა, რომ მთავარ გმირს არ აინტერესებს, რადიკალურად კიდია ეს სცენა ასევე აღნიშნავს ომის ნატურალურობას.“
„Fეშენ“–Fუ, შენი
თქვენ იცით, როგორ უნდა მოხვდეთ ქართულ ელიტარულ საზოგადოებაში? თავზეხელაღებული მამაძაღლი (სახელი ნუ შეგაცბუნებთ და მის შემოთავაზებას, მეტროს წინ მდგარ იმ ადამიანთა შემოთავაზებასთან ნუ გააიგივებთ, უხეშად დაჭრილ ფურცლებს რომ გვაწვდიან ხოლმე) ამის მაგალითს თავადვე გვაძლევს, წერილით ქართულ ელიტარულ საზოგადოებაში მიმღებ კომისიას მიმართავს და საკუთარ უნარ–ჩვევებს აცნობს: „არ ვიცი ქართული გრამატიკა, არ მაქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი, მაგრამ საუბრისას წარმატებით ვიყენებ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ეგზისტენციალიზმი, პლურალიზმი, კონსესუსი, კონტრიბუცია, ბიჰევიორიზმი და ა.შ. (რაღა თქმა უნდა, მათს მნიშვნელობებზე წარმოდგენა არ მაქვს)... ასევე, მაქვს მშვენიერი მკერდი, რომელსაც, ვთვლი, რომ კიდევ უფრო დაამშვენებდა ღირსების ორდენი… ამჟამად ვეუფლები Twitter–ს, რადგან, ამბობენ, ცოტა ხანში მოდაში შემოვაო. ადრე ვფლობდი ოდნოკლასნიკსაც (ოდნოებს), მაგრამ შემდეგ გაბანძდა და გავაუქმე.“ კონტექსტის ირონიულობას უჩემოდაც კი მიხვდებით.
ქართველებს გვაქვს ერთი ასეთი გამოთქმა: „ტვინში ამასხა“. არ ვიცი, საიდან მოდის და რის საფუძველზე დადგინდა, რომ გაბრაზება მაინცდამაინც რაღაცის (სავარაუდოდ, სისხლის) მიერ ტვინზე მიტანილი იერიშით გამოიხატება, მაგრამ ლიტერატორის პოსტი 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი და გვირილა გარჭობილი ათეისტები ამ გამოთქმის ილუსტრირების კარგი მაგალითია. პოსტის წაკითხვისას კი, სადაც ფსევდოათეისტებისა თუ ფსევდომართლმადიდებლების გარდა, დღესასწაულის თარიღებზე დაწესებული სტანდარტებიცაა გაკრიტიკებული, ადამიანს წესით მეორე ქართული გამოთქმა: „ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი“ უნდა გაგახსენდეს:
“მე როცა მინდა მაშინ ვიზეიმებ!
იქნებ ჩემთვის შობა სუსხნარევი პირველი თოვლია? მიხარია და ვზეიმობ!
იქნებ ჩემთვის შობა მაისის გრილი წვიმაა?
იქნებ ჩემთვის შობა ცვრიან ბალახზე სირბილია? (მერე რა რომ ბებოს ეზოში ერთხელ ხბოს ფუნაზე გავსრიალდი)
ვინ მიშლის რომ ვიზეიმო?”
ამდენი კრიტიკის შემდეგ კი საბუნიას პოსტი „ნიუ–იორკი“ („ადამიანურს“ რომ უწოდებენ ხოლმე, ისეთი) გულს ნამდვილად მალამოდ (ესეც დიდებული გამოთქმა გვაქვს) დაედება. რამდენიმე აბზაცში იმდენად კარგად არის ჩატეული ამერიკის ეს ქალაქი, რომ „მის სულს“ შორეული საქართველოდანაც ადვილად შეიგრძნობ: იმ დღეს ყველაზე არაამერიკულად ვიშოფინგე – აიზეკ აზიმოვის და უილიამ გიბსონის მთელ შემოქმედებაში 200$ მივათხლიშე. ამხელა ფულს ერთ შოფინგზე არც ერთი ამერიკელი არ “დატოვებს,” ყველა ნორმალური ნიუ–იორკელი ერთ ყიდვაზე ერთ წიგნს ყიდულობს და სანამ ბოლომდე არ წაიკითხავს მეორეს არ იყიდის. ქართული “შოფინგის” სტილს ყველა ცნობს. ერთხელ 108-ე ქუჩაზე (ქუინსში) სადაც რუსი ებრეალების, რუსების და სომხების მაღაზიებია, მე და ჩემი უფროსი მეგობარი წავედით, ვახშმისთვის რაღაცების ყიდვა გვინდოდა. როცა სალაროსთან სავსე კალათები დავდეთ, გამყიდველმა ამოგვხედა: “грузины?”
და ბოლოს, პირადი ბლოგები ძალიან რომ არ დაიჩაგროს, მიმოხილვას თინის მიერ „ჯერჯერობით გართობის მიზნით, მერე ვნახოთ“ ჩაწერილი სიმღერით დავასრულებ. თუმცა, მოსმენამდე და შესაბამის ტრადიციულ კრიტიკამდე (რაც ქართველებს ისედაც გვჩვევია) შეგიძლიათ პრესიმღერისეულ განცდებსაც გაეცნოთ.
პ.ს: ბედნიერ ნაბახუსევებს გისურვებთ…